რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი: ბაიდენის მხრიდან რუსეთის პრეზიდენტის პირადი შეურაცხყოფა მიუღებელი და სამარცხვინოა

კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გამოეხმაურა, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ომის დამნაშავე უწოდა. პესკოვმა ბაიდენის შეფასებას "მიუღებელი და სამარცხვინო" უწოდა.

"რუსეთის პრეზიდენტის პირადი შეურაცხყოფა გრძელდება, ეს ცუდია. მიგვაჩნია, რომ ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან ეს მიუღებელი და სამარცხვინოა". – თქვა პესკოვმა

4 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინის ქალაქ ბუჩაში მომხდარ ხოცვა-ჟლეტვას გამოეხმაურა. მან ვლადიმირ პუტინს კიდევ ერთხელ უწოდა ომის დამნაშავე და განაცხადა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რუსეთის პრეზიდენტი ომის დანაშაულისთვის უმკაცრესად დაისაჯოს.

უკრაინელმა სამხედროებმა კიევის ირგვლივ 30-ზე მეტი ქალაქი და სოფელი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. ომის დაწყების შემდეგ უკრაინა კიევის რეგიონს სრულად პირველად აკონტროლებს

კიევის ოლქში ირპენზებუჩაზე და გოსტომელზე უკრაინულმა ძალებმა ეტაპობრივად დაიბრუნეს კონტროლი. 

ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

 

კომენტარები