ტურიზმი

ტურისტულ სექტორს 2021 წლის ქონების გადასახადი ჩამოეწერება

luxuryresortphotography.com

ტურისტულ სექტორს 2021 წლის ქონების გადასახადი ჩამოეწერება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, Covid 19-ის გამო ყველაზე მეტად სწორედ ეს სექტორი დაზარალდა.

"საქართველოს ტურისტული სექტორისთვის 2021 წელს ქონების გადასახადის ჩამოწერას მოვახდენთ. ჩვენ შევისწავლეთ სექტორში არსებული სიტუაცია, გამოწვევები, პრობლემები, რომელიც ამ სექტორს დაუგროვდა. ბუნებრივია, კოვიდის გამო ყველაზე მეტად ეს სექტორი დაზარალდა, მათ შორის, სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრია მთლიანობაში და ამიტომ, 2021 წლის ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის ეს სექტორი. დეტალებზე კონკრეტულად მოგახსენებენ ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები და ვფიქრობ, ეს იქნება მნიშვნელოვანი დახმარება ამ სექტორისთვის,“- აღნიშნა პრემიერმა.

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, ტურისტულმა სექტორმა მთავრობასთან შეხვედრისას ერთერთ მთავარ თხოვნად სწორედ გადასახადის გაუქმება დაასახელა.

"2021 წელი აღდგენით კი გამოირჩეოდა ტურიზმის სექტორში, მაგრამ მაინც გვახსოვს, რომ ძალიან ბევრი იყო ლოკდაუნი, იყო ბევრი შეზღუდვა, შესაბამისად, ტურისტული სეზონი საკმაოდ დაზიანდა. მათთვის ძალინ რთული იქნებოდა დღეს გადასახადის გადახდა ამ პირობების გათვალისწინებით, ჩვენ ვიმსჯელეთ მთავრობაში და პრემიერმინისტრმა ამას დაუჭირა მხარი, შესაბამისად, ფინანსთა სამინისტრო საკანონმდებლო ცვლილებებს მალე განახორციელებს და 2021 წლის ქონების გადასახადისგან, რომელიც აპრილის თვეში უწევდათ ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს, გათავისუფლდებიან. აქ არის სარესტორნო, სასტუმრო ბიზნესი და ა.შ" - თქვა ეკონომიკის მინისტრმა.

კომენტარები