რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ეს ომის დანაშაულია, უპასუხოდ არ უნდა დარჩეს" – გერმანია და ბრიტანეთი ბუჩაზე

დამწვარი რუსული სამხედრო ტექნიკა, ქალაქი ბუჩა, კიევის ოლქი. 1 მარტი, 2022
Сергій Нужненко/Radio Freedom

უკრაინის ქალაქ ბუჩის დაბრუნების შემდეგ, უკრაინელი სამხედროები ავრცელებენ ინფორმაციას 300 მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის შესახებ. ფოტოებს ბუჩიდან დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ოფიციალური პირები გამოეხმაურნენ

"რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა გამოძიებული უნდა იქნას, როგორც ომის დანაშაული". - ამბობს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ თრასი.

მან ასევე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი მხარს დაუჭერს ამ მიმართულებით საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ განადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს. 

"რადგან რუსეთის სამხედრო ძალებს პოზიციების დათმობა უწევთ, ისინი ხდებიან აგრესიულები და ჩვენ ვხედავთ მათ შემზარავ ქმედებებს ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა ირპენი და ბუჩა". - თქვა ლიზ თრასმა.

AFP-ის ცნობით, გარდა დიდი ბრიტანეთისა, გერმანიამაც დაგმო ქალაქ ბუჩაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმისა და მკვლელობის შემთხვევები და მას ომის დანაშაული უწოდა.

"ეს საშინელი ომის დანაშაული არ შეიძლება უპასუხოდ დარჩეს". - ამბობს გერმანიის ვიცეკანცლერი და ეკონომიკის მინისტრი, რობერტ ჰაბეკი Bild-თან ინტერვიუში.

მან ასევე ისაუბრა სანქციების გამკაცრების აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ ევროკავშირი სანქციების ახალ ჩამონათვალზე მუშაობს.

კრემლი უარყოფს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის შემთხვევებს. მოსკოვში რუსეთ-უკრაინის ომს "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" სახელით მოიხსენიებენ. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები