რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოლონეთი საკუთარ ტერიტორიაზე აშშ-ს ბირთვული იარაღის განთავსებას დასთანხმდება – კაჩინსკი

პოლონეთის ვიცეპრემიერი, იაროსლავ კაჩინსკი

პოლონეთის პრემიერმინისტრის მოადგილე, იაროსლავ კაჩინსკი ამბობს, რომ პოლონეთი საკუთარ ტერიტორიაზე აშშ-ს ბირთვული იარაღის განთავსებაზე თანახმა იქნება, თუმცა, მისივე სიტყვებით, ეს საკითხი ამჟამად არ განიხილება.

კაჩინსკიმ გერმანულ გაზეთთან, Welt am Sonntag-თან ინტერვიუში ასევე თქვა, რომ პოლონეთი ევროპაში აშშ-ს ჯარების რაოდენობის 50%-ით ზრდას მიესალმება. 

"პოლონეთი კმაყოფილი იქნება, თუ ამერიკელები რუსეთის მზარდი აგრესიის გამო ჯარისკაცების რაოდენობას 100 000-დან 150 000-მდე გაზრდიან.

მათგან 75 000 ჯარისკაცი უნდა განთავსდეს აღმოსავლეთ ფლანგზე, ანუ რუსეთთან საზღვარზე. 50000 ჯარისკაცი კი ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში". - თქვა მან. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები