რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: მარიუპოლიდან 3 000-ზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია მოხდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, გუშინ, პირველ აპრილს, მარიუპოლიდან 3 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. 

ეს პროცესი ძირითადად უკრაინისა და რუსეთის ჩართულობითა და თურქეთის შუამავლობით წარიმართა, რადგან წითელ ჯვარს სამაშველო სამუშაოების შეწყვეტა "პირობებისა და მოწყობილობების არარსებობის გამო" მოუწია. 

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციის გუნდმა ზაპოროჟიეში უკან დაიხია, რადგან მათ ვერ მიიღეს გარანტიები მოსახლეობის უსაფრთხოდ ევაკუაციასთან დაკავშირებით. 

წითელი ჯვრის გუნდი დღესაც შეეცდება მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუირებას, თუმცა ორგანიზაცია ომში ჩართულ მხარეებს აუცილებელი პირობების უზრუნველყოფისა და უსაფრთხოების გარანტიების მიცემისკენ მოუწოდებს. 

ამჟამინდელი მონაცემებით, მარიუპოლის გაუსაძლის პირობებში 160 000 ადამიანი რჩება - მათ აკლიათ საკვები, წყალი, მედიკამენტები და ელექტროენერგია. ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, თავდასხმებს ამ დროისთვის, სულ მცირე, 5 000 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები