რუსული ოკუპაცია

ბოკერია: ხელისუფლების დანაშაული წლების განმავლობაში უმოქმედობაა

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია 31 მარტს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქის, ლევან მაჩაბელის უკანონოდ დაკავების ფაქტს გამოეხმაურა. ბოკერიას თქმით, ამაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. მანვე, საქართველოს მთავრობა წლების განმავლობაში უმოქმედობაში დაადანაშაულა.

"ოკუპანტების მხრიდან საქართველოს მოქალაქის კიდევ ერთი გატაცების ამბავი, ეს ამაზრზენი დანაშაული არის პუტინის ბოროტების იმპერიის პასუხისმგებლობა. ჩვენ ეგეთი ხაზი არ გვაქვს, როგორც ოცნება იქცევა ხოლმე, რომ ეს თქვენი ბრალია. ბრალი არის პუტინის რუსეთის. ისინი ასეთები არიან და ყველა საქართველოს მოქალაქე, ვინც ცდილობს, რომ პუტინის რუსეთზე გაავრცელოს სხვა აზრი, რომ თითქოს პუტინის რუსეთთან ცივილიზებული თანაცხოვრება შეიძლება, უნდა ახსოვდეთ, რასთან გვაქვს საქმე.

მაგრამ, ქვეყანას ხელისუფლება ჰყავს იმისთვის, რომ როცა მტერი წლებია ასე იქცევა, ამას დაუპირისპიროს სტრატეგია. არა მარტო იმ მომენტში, როდესაც ვიღაცას მოიტაცებენ, არამედ თანმიმდევრულად, წლების განმავლობაში ჰქონდეს ამუშავებული მექანიზმები, რომელიც მტერს პრობლემას უქმნის. ამით საფრთხე შეილება არ გამოირიცხოს, მაგრამ შენი მოქალაქის მოტაცება მტრისთვის პრობლემა უნდა იყოს. და რას ვხედავთ ჩვენ ამ რეჟიმისგან? მაგალითად, ოთხოზორიას მკვლელობა რომ ავიღოთ. პირდაპირ ვიტყვი, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ფეხებზე დაიკიდა ეს ამბავი. იმ მომენტში განცხადებები გააკეთეს, შემდეგ პარლამენტში ჩვენი, ევროპული საქართველოს ზეწოლა დასჭირდათ, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია მიეღოთ და ამაზე დაგვთანხმდნენ, ოღონდ მერე ნულოვანი გაგრძელება ჰქონდათ.

როცა წინა შემთხვევებში არ მიჰყვები ამ ამბავს ბოლომდე, მარტო დაკავებულის გათავისუფლებაში არ არის საქმე, პრობლემა უნდა ჰქონდეს მტერს დიპლომატიურ ასპარეზზე და ყველა თვალსაზრისითი, ადგილზე, ფიზიკურად. ეს ზრდის ყოველთვის რისკებს შემდგომი მოტაცების. ამიტომ, ყველა საერთაშორისო მექანიზმი უნდა აამუშაონ და ახლა რუსეთი ისეთ მდგომარეობაშია, რომ ნაკლებად შეიძლება რეაგირებდეს პირდაპირ, ამხელა აგრესია აქვს უკრაინაში, ამიტომ ამ ხელისუფლების დანაშაული მარტო მყისიერი ამბავი კი არ არის, დანაშაული არის წლების განმავლობაში უმოქმედობა. ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე სპეცდანიშნულების რაზმები გამოწია საოკუპაციო ხაზიდან და ატყუებდნენ ხალხს, რომ ამით ვითარება დამშვიდდებოდა და კი არ დამშვიდდა, არამედ ის სივრცე შეავსო მტერმა.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში დეტალები არ ვიცი, თუ როგორ მოიტაცეს ლევან მაჩაბელი, მაგრამ ვიცი, როგორ მოქმედებდა წლების განმავლობაში ხელისუფლება და ამ მოქმედებამ რისკი გაზარდა ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჯერ სუსის განცხადებაში რა ტერმინოლოგიაა, რეგიონულ უსაფრთხოებასო, რეგიონულ უსაფრთხოებას კი არა, ჩვენს სუვერენიტეტს ურტყამს პირდაპირ. სიტყვებშიც ჩანს ამათი დამოკიდებულება. სწორედ ჩვენი მთავრობის მოქმედებები არის ერთ-ერთი ძირი იმისა, თუ რატომ არის მტრისთვის ასე მოქცევა ადვილი". - თქვა ბოკერიამ.

31 მარტს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გაააქტიურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი ცხელი ხაზი.

კომენტარები