რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროკავშირისა და ჩინეთის ლიდერები ორი წლის შემდეგ პირველად შეხვდებიან

დღეს, პირველ აპრილს ევროკავშირისა და ჩინეთის ლიდერები ორი წლის შემდეგ პირველად ბრიუსელში შეხვდებიან. ევროკავშირის მიზანია, პეკინისგან მიიღოს გარანტიები, რომ რუსეთს იარაღის მიწოდებასა და დასავლეთის სანქციების გვერდის ავლაში არ დაეხმარება.

ევროკავშირის წარმომადგენელების თქმით, რუსეთისთვის გაწეული ნებისმიერი დახმარება ჩინეთის საერთაშორისო რეპუტაციასა და უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობას საფრთხის ქვეშ აყენებს.

ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები - ურსულა ფონ დერ ლეიენი და შარლ მიშელი ჩინეთის პრემიერ, ლი კეჩიანგთან და პრეზიდენტ, სი ძინპინთან ვირტუალურ მოლაპარაკებებს გამართავენ.

ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ჩინეთის პოზიცია რუსეთის მიმართ  "მილიონდოლარიანი შეკითხვა" იქნება.

"ვახანგრძლივებთ მას თუ ერთად ვმუშაობთ ომის დასასრულებლად? ეს არის სამიტის მთავარი საკითხი" - თქვა ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. 

კომენტარები