რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ბაიდენი პუტინზე: თვითიზოლირებულს ჰგავს, ზოგი მრჩეველი, შესაძლოა, შინაპატიმრობაში ჰყავს

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი "თვითიზოლირებულს" ჰგავს და შესაძლოა მან გარკვეული ზომები მიიღო საკუთარი მრჩევლების წინააღმდეგ.

"ის თვითიზოლირებული ჩანს და არის მიმანიშნებლები, რომ მან გაათავისუფლა ან შინაპატიმრობაში ჰყავს ზოგიერთი მრჩეველი". – თქვა ჯო ბაიდენმა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციის ჭეშმარიტებაზე თავს ვერ დადებს. 

აქამდე, ევროკავშირისა და ასევე თეთრი სახლის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ პუტინის გარემოცვაში მყოფებს მისთვის, უკრაინაშ მიმდინარე ომთან დაკავშირებით, სიმართლის თქმის ეშინიათ, რის გამოც ის შეცდომაში შედის.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები