რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩერნობილიდან ოკუპანტების გასვლის შემდეგ, ატომურ სადგურზე IAEA სპეციალურ მისიას გაგზავნის

Getty Images / iStockphoto

რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია დატოვეს. აქ საკუთარ სპეციალურ მისიას გაერო-ს ბირთვული მაკოტროლებელი ორგანო, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) გაგზავნის.

მისია შეამოწმებს ჩერნობილის ატომურ სადგურზე არსებულ მდგომარეობას.

31 მარტს უკრაინის სახელმწიფო ბირთვულმა კომპანიამ, ენერგოატომმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩერნობილში მყოფი რუსი სამხედროები ბელარუსის საზღვრისკენ დაიძვრნენ და დარჩენილი იყო ჯარის მხოლოდ მცირე ნაწილი, რომელიც ტერიტორიიდან ამჟამად უკვე გასული უნდა იყოს. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, როდესაც ოკუპანტებმა ატომური სადგური დატოვეს, თან წაიყვანეს ტყვეებად ჩავარდნილი უკრაინის ეროვნული გვარდიელები.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ჩერნობილის სადგური ომის დაწყებიდან მალევე, 24 თებერვალსვე დაიკავეს. სადგურზე მუშაობას უკრაინელი თანამშრომლები განაგრძობდნენ. 

29 მარტს უკრაინაში ჩავიდა IAEA-ს ხელმძღვანელი, რომელიც გადაუდებელ ტექნიკურ დახმარებაზე უნდა გასაუბრებოდა მთავრობის წარმომადგენლებს.

უკრაინის მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენლები დასავლეთს აფრთხილებდნენ ჩერნობილისა და სხვა ატომური სადგურებისთვის რუსეთის ძალების თავდასხმის შედეგად შექმნილ საფრთხეზე. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები