რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი მოლაპარაკებებზე: უკრაინელებმა ისწავლეს, რომ მხოლოდ კონკრეტულ შედეგს უნდა ვენდოთ

Ukrainian Presidential Press Service

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში გამართულ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს გამოეხმაურა. ზელენსკის თქმით, მიუხედავად დადებითი სიგნალებისა, უკრაინელებმა ისწავლეს, რომ მხოლოდ კონკრეტულ შედეგს უნდა ენდონ.

"მოლაპარაკებების პლატფორმიდან მოსმენილ სიგნალებს, შეიძლება, დადებითი ვუწოდოთ. მაგრამ ეს სიგნალები არ ახშობს რუსული ჭურვების ხმას. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა რისკს ვხედავთ. რა თქმა უნდა, ვერ ვხედავთ მიზეზს, რომ ვენდოთ იმ სახელმწიფოს ზოგიერთი წარმომადგენლის სიტყვებს, რომელიც აგრძელებს ბრძოლას ჩვენი განადგურებისთვის. უკრაინელები გულუბრყვილო ხალხი არ არის. 34-დღიანი შემოჭრისა და დონბასში ომის 8 წლის განმავლობაში უკრაინელებმა უკვე გაიგეს, რომ მხოლოდ კონკრეტული შედეგის ნდობა შეიძლება". – თქვა ზელენსკიმ გავრცელებულ მიმართვაში.

29 მარტს სტამბოლში თურქეთის ხელისუფლების მედიაციით რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა შედგა. ორივე მხარემ მოლაპარაკებების პროცესი დადებითად შეაფასა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები