რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

კიევის გარშემო რუსული ძალების მოძრაობა ჯარების გადაადგილებაა და არა გაყვანა – აშშ

აშშ-ს ოფიციალური პირების თქმით, კიევის გარშემო რუსული ძალების ნებისმიერი მოძრაობა ჩაითვლება ჯარების "გადაადგილებად და არა გაყვანად".ინფორმაციას Reuters ავრცელებს. მანამდე, რუსეთმა გასცა პირობა, რომ უკრაინის დედაქალაქთან სამხედრო ოპერაციებს შეამცირებს. 

"გვჯერა, რომ რუსული ძალების ნებისმიერი მოძრაობა კიევიდან არის ჯარების გადაადგილება და არა გაყვანა. მსოფლიო უნდა ელოდოს უკრაინის სხვა ტერიტორებიდან შეტევას

[...] ისინი ცვლიან მიმართულებას. არ უნდა ვიფიქროთ, რომ რუსეთი კონფლიქტს ასრულებს". - თქვეს ოფიციალურმა პირებმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებით შეამციროს საომარი მოქმედებები. ინფორმაცია სტამბოლში გამართული რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები