რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჯონსონი: ცეცხლის შეწყვეტა რუსეთისთვის სანქციების მოსახსნელად საკმარისი არ იქნება

AFP

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა საკმარისი არ იქნება დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოსახსნელად. 

"პრემიერმინისტრმა თქვა, რომ მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ იქნება რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული სანქციების მოხსნის მიზეზი". – თქვა ჯონსონის სპიკერმა.

ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს ეკონომიკური ზომებისა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის გზით, რათა რუსეთის მოქმედებების კურსი სრულად შეიცვალოს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები