საზოგადოებრივი ტრანსპორტი

მაისიდან სამგზავრო აბონემენტის მიბმა საბანკო ბარათზე იქნება შესაძლებელი

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მაისიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით სამგზავრო აბონემენტის მიბმა საბანკო ბარათებზეც იქნება შესაძლებელი.

"რაც შეეხება აბონემენტების მიბმას საბანკო ბარათებზე, მაისისთვის უკვე შესაძლებელი იქნება ამ პროექტის განხორციელება, ამ პროგრამის ჩაშვება და შესაძლებელი იქნება აბონემენტები მიებას საბანკო ბარათს. მგზავრს აღარ მოუწევს ცალკე სამგზავრო ბარათის ტარება. მის საბანკო ბარათზე შესაძლებელი იქნება ჩაირთოს ნებისმიერ ვადიანი აბონემენტის პროგრამა". – თქვა კალაძემ დედაქალის მთავრობის სხდომაზე.

კახა კალაძის თქმით, თბილისში 55 000-მდე სამგზავრო აბონემენტია გაყიდული.

2022 წლის პირველი თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთჯერადი (90-წუთიანი) საფასური 50 თეთრის ნაცვლად 1 ლარი გახდა. ძალაში დარჩა როგორც მეტრომანებით, ისე საბანკო ბარათებით გადახდის შესაძლებლობა, თუმცა, ფასდაკლებისთვის მოქმედებს აბონემენტები – შესაბამისი სამგზავრო ბარათები მეტროსადგურებში იყიდება. ამასთან, ყვითელი სამარშრუტო ტაქსებს მთლიანად ანაცვლებს ლურჯები, რომლებიც ერთიან სატრანსპორტო, მათ შორის, აბონემენტების სისტემაშია ჩართული.

კომენტარები