უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ უკრაინამ დამატებითი თავდაცვითი მხარდაჭერის დაპირება მიიღო.
"დღეს ჩვენ მივიღეთ დამატებითი დაპირებები შეერთებული შტატებისგან, თუ როგორ განვითარდება თავდაცვის სფეროში ჩვენი თანამშრომლობა. უკრაინისთვის აშშ-ზე მეტი მხარდაჭერა არცერთ ქვეყანას არ აღმოუჩენია". – თქვა კულებამ.
26 მარტს დმიტრო კულება და უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლეკსი რეზნიკოვი აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს ვარშავაში შეხვდნენ.
"უკრაინული მედეგობა და დასავლური, ძირითადად ამერიკული იარაღი ბრძოლის ველზე წარმატების რეცეპტია". – თქვა კულებამ შემხვედრის შემდეგ.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.





