რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დასაწყობებული რუსული ტანკები გაძარცვეს, სატანკო პოლკის მეთაურმა თავი მოიკლა – უკრაინა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის მე-4 სატანკო დივიზიის მე-13 სატანკო პოლკის მეთაურმა თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც დასაწყობებული სამხედრო ტექნიკა გაძარცვული აღმოჩნდა.

უწყების ცნობით, რუსეთი იმავდროულად ცდილობს შექმნას ადგილები დროებით მწყობრიდან გამოსული ტექნიკის შესანახად, თუმცა მათ დასაწყობებული ტექნიკა ხშირად გაძარცვული ხვდებათ. 

საბრძოლო მანქანებიდან სრულად მოიპარეს ძვირფასი ლითონების შემცველი აღჭურვილობა. კერძოდ, რუსეთის მე-4 დივიზიამ აღმოაჩინა, რომ დასაწყობებული 10 ტანკიდან მხოლოდ 1 იყო მწყობრში. ზოგიერთი მათგანის დაზიანება კი ძარცვითაც არ არის გამოწვეული.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები