რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო დაჯგუფება ვაგნერს სანქციებს უწესებს

ვაგნერის წევრები ახლო აღმოსავლეთში, სირიაში

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონის თქმით,  ბრიტანეთი რუსული სამხედრო ჯგუფ ვაგნერს სანქციებს უწესებს

ვაგნერის ჯგუფი რუსული მექირავნე სამხედრო რაზმებიდან ყველაზე ცნობილია. მათ ბრალი ედებათ სამხედრო დანაშაულების ჩადენასა და ადამიანთა უფლებების დარღვევაში უკრაინაში, სირიაში, ლიბიასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. 

"უნდა გავაძლიეროთ,  გავზარდოთ მხარდაჭერა. უნდა გავამკაცროთ პუტინის ეკონომიკური წნეხი, უფრო მეტ ადამიანს დავუწესოთ სანქცია. ვაგნერის ჯგუფი სანქცირების პარალელურად, პუტინს უნდა შევუზღუდოთ ოქროს მარაგის გამოყენება და ასევე, უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია". - აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 65 ფიზიკურ და იურიდიულ პირთა სანქცირების შესახებ ინფორმაციას მალე გამოაქვეყნებს. დიდი ალბათობით, სანქცირებულთა სიაში მოხვდება რუსი მილიარდერი ევგენი შვიდლერი და რუსეთის მიერ მელიტოპოლის მერად დანიშნული გალინა დანილჩენკო. 

დაჯგუფება ვაგნერს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენს ევგენი პრიგოჟინს უკავშირებენ. ევროკავშირის ანგარიშის თანახმად, დაჯგუფებას პრიგოჟინი აფინანსებს. კრემლთან ახლო კავშირების გამო პრიგოჟინს პუტინის მზარეულს ეძახიან. მას ევროკავშირისა და აშშ-ს სანქციები უკვე დაწესებული აქვს, ლიბიაში მდგომარეობის დესტაბილიზაციისა და აშშ-ს არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის. პრიგოჟინი ვაგნერთან კავშირს უარყოფს.

2021 წლის 14 დეკემბერს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ევროკავშირმა რუსულ დაჯგუფება ვაგნერს და მასთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები