რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რეზნიკოვი: ეს პერიოდი ისტორიაში შევა, როგორც უძლეველობის თვე – არასდროს ვაპატიებთ მტერს

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლეკსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლეკსი რეზნიკოვი უკრაინაში მიმინდარე ომის ერთ თვეს აჯამებს და უკრაინელებს მიმართავს.  მისი თქმით, ომის ეს პერიოდი ისტორიაში შევა, როგორც "უძლეველობის თვე".

რეზნიკოვი ამბობს, რომ უკრაინის არმიამ და უკრაინელმა ხალხმა გაუძლო დარტყმას, რომელსაც შეეძლო ბევრის განადგურება.  მან უკრაინის ყველა მხარდამჭერს მადლობა გადაუხადა. 

"ამ ხნის განმავლობაში ჩვენ საკუთარ თავსაც და მთელ მსოფლიოს დავუმტკიცეთ, რომ უკრაინა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. არავის მივცემთ უფლებას წაგვართვას ის სახელმწიფო, რაზეც ვოცნებობდით, ვიბრძოდით, ვკვდებოდით.  ერთ თვეში ჩვენ გვაქვს უძლეველობის მრავალი სიმბოლო. გმირულმა მარიუპოლმა, დაუძლეველმა ხარკოვმა, მამაცმა ჩერნიგოვმა და ბევრმა სხვა ქალაქმა და სოფელმა აჩვენა, რომ რუსი ოკუპანტები არ გაბატონდებიან ჩვენს მიწაზე.

სუმიში, გოსტომელში, ვოლნოვახაში, ახტირკაში, მაკარში, კონოტოპში, ნიკოლაევში, ბროვარში, იზიუმში და რამდენჯერმე ჩერნობაევკაში დაუპატიჟებელ სტუმრებს ასწავლეს, თუ რა განსხვავებაა "ნა" და "ვ" უკრაინას შორის. 

ხერსონი, სადაც უიარაღო მოქალაქეები წინააღმდეგობას უწევენ დამპყრობლებს, ყველას უმტკიცებს, რომ რუს ჯარისკაცებს არავინ დაუძახა. ესენი არიან ომის დამნაშავეები ტერორისტული სახელმწიფოდან, რომლებიც ძალით შეიჭრნენ".- წერს რეზნიკოვი. 

თავდაცვის მინისტრი წერს, რომ რუსებმა ერთ თევში 120 ბავშვი მოკლეს, ათასობით დააობლეს და ათიათასობით კი სახლის გარეშე დატოვეს. 

"ჩვენ არასდროს ვაპატიებთ მტერს. რუსი მკვლელებისა და მძარცველების სისასტიკეს თანდათან აღიარებენ ისინიც კი, ვინც წლების განმავლობაში თვალს ხუჭავდა კრემლის რეჟიმის ბუნებაზე.  აუპატიურებენ, ძარცვავენ, ანადგურებენ ყველაფერს, რისი მოპარვაც არ შეუძლიათ. ჩვენ შურს ვიძიებთ მტრის მიერ დროებით ოკუპირებული უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მწუხარებისთვის. ტროსტიანეცისთვის, მელიტოპოლისთვის, სჩასტიასთვის და ლუგანსკისთვის.

ლუგანსკის ოლქის კრემენნაიაში რუსი მონსტრები ტანკს ატარებდნენ და მოხუცთა თავშესაფარს ესროდნენ. დაიღუპა 56 ადამიანი. ეს არ არის ჭურვის შემთხვევითი დარტყმა ან "მუშაობა კოორდინატების მიხედვით". ეს არის დაუცველთა განზრახ მკვლელობა, ომის დანაშაული. მაშასადამე, ეს არმია არის ტერორისტების, კრიმინალების და მშიშარათა ხროვა".- აღნიშნავს რეზნიკოვი. 

რეზნიკოვმა რუსეთის დანაკარგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რთული პერიოდი კიდვე წინ არის და ერთადერთი გზაა, რომ უკრიანამ "მორდორის შემოჭრას" გაუძლოს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები