რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კლიჩკო: ომის დაწყებიდან კიევში სულ მცირე 264 სამოქალაქო პირი, მათგან 4 ბავშვი, დაიღუპა

Vitaly Klitschko/YouTube

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, ომის დაწყებიდან კიევში სულ მცირე 264 სამოქალაქო პირი, მათგან 4 ბავშვი, დაიღუპა. ამასთანავე, 300-მდე ადამიანს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია და 80-მდე შენობა განადგურდა. 

"მტრის სამიზნე კიევია". - აღნიშნა ქალაქის მერმა. 

ომამდე კიევში 3 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობდა, შეჭრის შემდეგ ადამიანთა დიდმა ნაწილმა ქალაქი დატოვა. შედეგად, მოსახლეობა დაახლოებით ნახევრამდე შემცირდა. 

"ყველა გაოცებულია, უკრაინის არმიის მდგრადობით, როგორი ძლიერები არიან ჩვენი ჯარისკაცები და როგორ უპირისპირდებიან მსოფლიოში უძლიერეს არმიას". - თქვა ქალაქის მერმა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები