რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"დაღუპულთა დამარხვა შეუძლებელია, ელექტროენერგია მორგებშიც არ არის" – ჟივიცკი სუმის ოლქზე

სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, დმიტრი ჟივიცკი ოლქში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, სუმის ოლქის ზოგიერთ დასახლებაში ბრძოლები გრძელდება. 

"საავადმყოფო დაიბომბა. გუშინ მოკლეს მოხუცი ქალი, რომელიც ქმართან ერთად საავადმყოფოში მიდიოდა. დაღუპულთა დამარხვა შეუძლებელია, ქალაქში ელექტროენერგია არ არის, მათ შორის, მორგებშიც". - ამბობს ის.  

მისივე სიტყვებით, რუსი სამხედროები სუმის ოლქში ბრძოლაზე უარს ამბობენ, ეს ომის დაწყებიდან ამ ოლქში აღრიცხული მეორე ასეთი შემთხვევაა.

"რუსული ძალების ზოგიერთი დანაყოფი უკან იხევს და ბრუნდება, ბრძოლაზე უარს ამბობს. ეს მეორე მსგავსი შემთხვევაა, როდესაც რუსი სამხედროები ორგანიზებულ უარს ამბობენ უკრაინელების გენოციდზე ომის მიმდინარეობის დროს. ერთ-ერთ მეთაურთან საუბრისას ცნობილი გახდა, რომ არც მას და არც მის მებრძოლებს უკრაინაში ბრძოლის სურვილი არ აქვთ". - ამბობს ის. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები