რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ეს არ არის დახმარება, ეს გატაცებაა – აშშ-ს საელჩო რუსეთში ბავშვების გადაყვანაზე

უკრაინელი გვარდიელი კიევში, 2022 წლის 25 თებერვალი
Reuters

კიევში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას უკრაინელი ბავშვების რუსეთში გადაყვანასთან დაკავშირებით. საელჩომ მომხდარს ბავშვების გატაცება უწოდა.

"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის ძალებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან 2 389 უკრაინელი ბავშვი უკანონოდ გადაიყვანეს რუსეთში. ეს არ არის დახმარება. ეს გატაცებაა". - წერს აშშ-ს საელჩო Twitter-ზე.  

დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან 2 389 ბავშვის რუსეთის ტერიტორიაზე იძულებითი დეპორტაციის შესახებ განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 21 მარტს გაავრცელა.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები