"დამოუკიდებელი უკრაინის გარეშე თავისუფალი ბელარუსიც ვერ იარსებებს" – ბელარუსი დისიდენტი

BBC

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ემიგრაციაში მყოფი ბელარუსი დისიდენტები იბრძვიან. ინფორმაციას BBC ავრცელებს

BBC-სთან ინტერვიუში ბელარუსი დისიდენტი, პაველ კულაჟანკა ჰყვება, რომ ნიუ-იორკში სახლი დატოვა, რათა რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო ქმედებებში ჩაერთოს - ისინი ომს აღიქვამენ, როგორც ბრძოლას ვლადიმირ პუტინის, ასევე ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც მოსკოვის ქმედებებს მხარს უჭერს.

"ჩემი სახელია პაველ კულაჟანკა, ბელარუსის წინააღმდეგობის მოძრაობის წარმომადგენელი ვარ. დღეს, 22 მარტს ვაპირებ რომ გადავკვეთო უკრაინის საზღვარი და ჩვენი საერთო მტრის, რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ ვიბრძოლო, მთლიანად გავანადგურო. [..] თავისუფალი და დამოუკიდებელი უკრაინას გარეშე, დამოუკიდებელი და თავისუფალი ბელარუსიც ვერ იარსებებს". - თქვა პაველ კულაჟანკამ. 

BBC-სთან საუბრის დროს მან ხაზი გაუსვა, რომ ეს მხოლოდ უკრაინის ომი არ არის.

"ალექსანდრ ლუკაშენკო არის ვლადიმირ პუტინის თოჯინა, სწორედ ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსკოვის წინააღმდეგ და უკრაინის მხადასაჭერად ბრძოლა. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს უკრაინელების თავისუფლებისკენ სწრაფვას და ვისურვებდი, რომ ბელარუსის ერი იყოს ზუსტად ისეთი ძლიერი, როგორიც უკრაინაა ახლა".

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები