რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ოკუპანტებმა 96 წლის მამაკაცის სიცოცხლე შეიწირეს, რომელიც 4 საკონცენტრაციო ბანაკს გადაურჩა

რუსი ოკუპანტების ბომბებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვში 96 წლის ბორის რომანჩენკოს სიცოცხლე შეიწირეს, რომელიც გერმანელი ფაშისტების ოთხი საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი პატიმარი იყო. ამის შესახებ ინფორმაცია ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკის მემორიალური კომპლექსის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

"როგორც მისი ნათესავებისგან შევიტყვეთ, ჩვენი მეგობარი ბორის რომანჩენკო, რომელიც ფაშისტების 4 საკონცენტრაციო ბანაკს გადაურჩა, გასულ პარასკევს ხარკოვში, ოკუპანტების დაბომბვის შემდეგ საკუთარ სახლში დაიღუპა. ბორისის შვილიშვილის ცნობით, რუსების მიერ ნასროლი ჭურვი იმ მრავალსართულიან კორპუსს დაეცა, რომელშიც ბაბუამისი ცხოვრობდა". - წერია მემორიალური კომპლექსის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები