ქართული ოცნება

პაპუაშვილი პრეზიდენტზე: როგორ შეიძლება, სასამართლოსთვის მიმართვა ვინმეს დასჯად განვიხილოთ

"როგორ შეიძლება, სასამართლოსადმი მიმართვა განვიხილოთ ვინმეს დასჯად" – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ მმართველი პარტიის მიერ დაანონსებული საკონსტიტუციო დავის შესახებ შეკითხვას. პაპუაშვილის თქმით, ამ პროცესისთვის "სადამსჯელო ოპერაციის" წოდება საკვირველია.

"რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ტერმინოლოგიის დამკვიდრებას რომ ცდილობს ზოგიერთი ორგანიზაცია, თითქოს ეს არის სადამსჯელო ღონისძიება, ეს საერთოდ წარმოუდგენელია.[...] როგორ შეიძლება, სასამართლოსადმი მიმართვა განვიხილოთ ვინმეს დასჯად, თან ამაზე საუბრობენ ის ორგანიზაციები, რომლებიც თავად მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს. საკონსტიტუციო სასამართლო და ზოგადად, სასამართლო ინსტრუმენტი არის ყველაზე სამართლებრივი, ცივილიზებული და დემოკრატიული მეთოდი იმისთვის, რომ გაირკვეს საკითხები. ამ შემთხვევაში საკითხი ეხება თემას, ვის კომპეტენციაშია ელჩების დანიშვნის შინაარსობრივი, პოლიტიკური გადაწყვეტა.

ვნახეთ, მთავრობამ განაცხადა, რომ მთავრობას და პრეზიდენტს შორის ამასთან დაკავშირებით იყო შეუთანხმებლობა, რაც  გარკვეული პერიოდია გრძელდება. ვერ მოხდა შეთანხმება ამ კომპეტენციასთან დაკავშირებით, ვის, რა უფლებამოსილება აქვს. ამიტომ ყველაზე ცივილიზებული, სწორი ევროპული გზა არის საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც ეს უნდა გადაწყვიტოს. ამიტომ, ამ ნაბიჯის შეფუთვა, თითქოს არის სადამსჯელო ოპერაცია, თან იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც თავად იყენებენ საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ესა თუ ის ნორმა გაასაჩივრონ და საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიცია მოისმინონ, რა თქმა უნდა, ძალიან საკვირველია". – თქვა პაპუაშვილმა.

მმართველი პარტიის დეპუტატებმა პარლამენტში საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები დააინიცირესრომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ორგანოს შეეძლება კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება მეორე ორგანოს წინააღმდეგ მის მიერ გამოცემული არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ ასევე მოქმედების/უმოქმედობის საფუძველზეც, თუკი მიიჩნევს, რომ ამ ორგანომ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღვია. 

15 მარტს ქართულმა ოცნებამ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანხმადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ საკონსტიტუციო სასამართლოში დავას იწყებს. პარტიის განმარტებით, გასული წლის განმავლობაში პრეზიდენტის მიერ მთავრობის წარდგენილი ელჩობის კანდიდატების უარყოფა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და სასამართლოს ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურებას მოითხოვენ.

არსებული კანონმდებლობით კომპეტენციის შესახებ დავის ფარგლებში მხოლოდ ნორმატიული აქტის გასაჩივრებაა დასაშვები. პრეზიდენტს კი ამ კონკრეტულ სიტუაციაში ამგვარი სამართლებრივი აქტი არ გამოუცია.

საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განმარტოს, აქვს თუ არა პრეზიდენტს უფლება, თავისი შეხედულებით გადაწყვიტოს ელჩის დანიშვნის საკითხი. თუ სასამართლო იტყვის, რომ პრეზიდენტი არ სარგებლობს ამ დისკრეციით, ეს ქვეყნის პირველ პირს მომავალში წაართმევს შესაძლებლობას, უარი განაცხადოს მთავრობის წარდგინებებზე და აიძულებს მას, მოიწონოს კაბინეტის მიერ შეთავაზებული ნებისმიერი კანდიდატი.

კომენტარები