რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბორის ჯონსონი: დასავლეთისთვის პუტინთან ურთიერთობა მისაღები აღარ უნდა გახდეს

ბორის ჯონსონი
Reuters

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე აღნიშნა, რომ დასავლეთმა აღარ უნდა გაიმეოროს შეცდომა და პუტინთან ურთიერთობა "მისაღები აღარ უნდა გახდეს".

"ვიცი, რომ მთელი მსოფლიოს გარშემო არიან ზოგიერთები, მეტიც - ზოგი დასავლურ მთავრობაშიც კი... ისინი ამბობენ, რომ სჯობს ტირანს შევეგუოთ. მე მჯერა, რომ ისინი ღრმად ცდებიან და ამის შემდეგ, პუტინთან ურთიერთობის განახლების მცდელობა - ისე, როგორც ჩვენ 2014 წლის შემდეგ გავაკეთეთ, ზუსტად იმავე შეცდომის გარემოება იქნება". - თქვა ბორის ჯონსონმა. 

ბორის ჯონსონმა ასევე განმარტა, რომ უკრაინაში თავისუფლების დასასრული ნიშნავს იმედის გაქრობას საქართველოსა და მოლდოვასთვის.

"უკრაინა და რუსეთი ისე ახლოს იყვნენ, მას ეშინოდა ამ უკრაინული მოდელის გავლენის მასზე, რუსეთზე. ის სრულ პანიკაში იყო მოსკოვში ე.წ. ფერადი რევოლუციის შესაძლებლობის გამო". - თქვა ბორის ჯონსონმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები