რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იტალიამ სანქცირებულ რუს ოლიგარქს, ალექსეი მორდაშოვს €105 მლნ-ის ქონება ჩამოართვა

იტალიის პრემიერმინისტრის, მარიო დრაგის ოფისის ცნობით, 18 მარტს რუს ოლიგარქს, ალექსეი მორდაშოვს ხმელთაშუა ზღვის კუნძულ სარდინიაზე 105 მილიონი ევროს ღირებულების სამშენებლო კომპლექსი ჩამოართვეს.  

იტალიაში მორდაშოვს, რომელიც რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად არის მიჩნეული, ქონება მარტში უკვე მეორედ ჩამოართვეს - მანამდე, მას ჩამოართვეს 65-მეტრიანი იახტა, Lady M, რომლის ღირებულებაც 65 მილიონი ევროა. 

ბოლო 2 კვირის განმავლობაში იტალიის პოლიციამ რუს ოლიგარქებს 780 მილიონზე მეტის ღირებულების იახტები და ვილები ჩამოართვა. მათ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები შეეხოთ. 

ყველაზე ძვირადღირებული რამ, რაც ოლიგარქებს ჩამოართვეს, სუპერიახტაა, რომელიც მილიარდერ ანდრეი მელნიჩენკოს ეკუთვნის და 530 მილიონ ევროდ არის შეფასებული.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

ევროკავშირი, თავის პარტნიორებთან და მოკავშირეებთან – ნატოსთან, დიდი შვიდეულის ქვეყნებთან, აშშ-სთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, კანადასთან, ნორვეგიასთან, სამხრეთ კორეასთან, იაპონიასა და ავსტრალიასთან ერთად ამ ეტაპისთვის სანქციების ოთხ პაკეტზეა შეთანხმებული.

კომენტარები