რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სამინისტრო: თბილისისა და რეგიონების სკოლებში 38 უკრაინელი მოსწავლე ჩაირიცხა

განათლების სამინისტრო

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში სკოლებში ჩარიცხვის სურვილი სხვადასხვა ასაკის 72 უკრაინელი მოსწავლის მშობელმა გამოთქვა, მათგან 38 უკვე ჩარიცხულია. 

"სკოლებში გამარტივებული წესით ჩარიცხვის პარალელურად, როგორც ცნობილია, უკრაინიდან ჩამოსულ ბავშვებს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას უწევენ. ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისთანავე, მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრს ათობით დაინტერესებულმა პირმა უკვე მიმართა. 

ყველა შესაბამისი რგოლის ჩართულობითა და კოორდინაციით, სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილია თითოეული ბავშვისთვის სწავლაზე ხელმისაწვდომობა. მოსწავლეთა ჩარიცხვა შესაძლებელია იმ კლასში, რომელშიც უკრაინის სკოლებში ისინი 2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით სწავლობდნენ". - წერია განცხადებაში. 

სამინისტროს ცნობით, ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა, საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ სკოლაში განათლება სასურველ ენაზე მიიღონ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და გამოხატავენ სურვილს, რომ სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან. საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ სკოლას.

კომენტარები