რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სამინისტრო: უკრაინელი ლტოლვილი ბავშვები სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ლტოლვილი ბავშვები საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს განმარტებით, მოსწავლეების ჩარიცხვა შესაძლებელია იმ კლასში, რომელშიც ისინი სწავლობდნენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, 2022 წლის 24 თებერვლამდე.

საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ სკოლას. უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებს, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველო შესთავაზებს საჯარო და კერძო სკოლებში სწავლას როგორც სახელმწიფო, ასევე, სხვა ენებზე.

"აღსანიშნავია, რომ დღეისათვის მოქმედი რეგულაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც სურს საქართველოს სკოლაში სწავლის გაგრძელება, საკუთარ ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების მიზნით, განაცხადით უნდა მიმართოს საქართველოს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და წარმოადგინოს სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაცია. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, აღნიშნული რეგულაცია უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებზე არ ვრცელდება და ისინი გამარტივებული წესით შეძლებენ საქართველოში სწავლის გაგრძელებას". – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 შემდეგი კვირიდან თბილისის ბაგა-ბაღები უკრაინის მოქალაქე ბავშვების მიღებას შეძლებენ.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე: (995 32) 2 200 220.

 

კომენტარები