რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მეგობრისთვის სულის დამდებზე დიდი სიყვარული არავის აქვს – პუტინი ომზე ბიბლიას ციტირებს

ვლადიმირ პუტინი ლუჟნიკის სტადიონზე გამართულ კონცერტზე

რუსეთში, ყირიმის ანექსიის იუბილესთან დაკავშირებით ლუჟნიკის სტადიონზე გამართულ კონცერტზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი სიტყვით გამოვიდა. 

მან უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას ციტატა ახალი აღთქმიდან მოიყვანა. 

"ხალხი დონბასშიც არ დათანხმდა სახელმწიფო გადატრიალებას. ისინი მაშინვე ბლოკადაში მოაქციეს. ჰყავდათ სისტემატური ცეცხლის ქვეშ, მიჰქონდათ საჰაერო იერიშები. ეს არის ყველაფერი, რასაც გენოციდი ჰქვია. სწორედ ხალხისთვის ამ გენოციდის მოშორება არის მთავარი მიზეზი, გამომწვევი მოტივი და მიზანი საომარი ოპერაციის, რომელიც დავიწყეთ დონბასსა და უკრაინაში. სწორედ ესაა მიზანი. ამაზე მახსენდება სიტყვები წმინდა წერილიდან: "არავისა აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრისთვის". და ჩვენ ვხედავთ, როგორ გმირულოად მოქმედებენ და იბრძვიან ჩვენი ბიჭები ამ ოპერაციის ფარგლებში.

ეს სიტყვები ქრისტიანობის წმინდა წიგნიდანაა, რომელიც ძვირფასია მათთვის, ვინც მიჰყვება რელიგიას, თუმცა ყველაფერი იმაში მდგომარეობს, რომ ეს უნივერსალური ღირებულებაა რუსეთის ყველა ერისა და ყველა კონფესიის წარმომადგენლისთვის და, პირველ რიგში, სწორედ ჩვენი ერისთვის. ამის საუკეთესო მტკიცებულებაა, თუ როგორ იბრძვიან ჩვენი ბიჭები ამ საომარი ოპერაციის ფარგლებში. მხარდამახარ. ეხმარებიან, მხარს უჭერენ ერთმანეთს. თუ საჭიროა, როგორც ღვიძლ ძმას, საკუთარი სხეულით გადაეფარებიან ბრძოლის ველზე, ტყვიისგან რომ დაიცვან. ასეთი ერთიანობა დიდი ხანია, არ გვქონია". – თქვა პუტინმა.

პროპაგანდისტულ კონცერტზე მრავლად იყო გამოყენებული რუსული ოკუპაციის ახალი სიმბოლო Z – ასო, რომელიც უკრაინაში შეჭრილ რუსულ ტექნიკას აწერია. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები