რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Bloomberg: ღარიბი ოლიგარქი ამბობს, რომ სანქცირებულ მილიარდერებს პუტინზე გავლენა არ აქვთ

რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Bloomberg: ღარიბი ოლიგარქი ამბობს, რომ სანქცირებულ მილიარდერებს პუტინზე გავლენა არ აქვთ

როგორც რუსი მილიარდერი, მიხაილ ფრიდმანი აღნიშნავს, მას არ ეგონა, რომ პუტინი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს დაიწყებდა. ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ფრიდმანმა კომპანია LetterOne-ში მის კოლეგებს უთხრა, რომ ვერ წარმოუდგენია რუსების უკრაინელების წინააღმდეგ ბრძოლა. ამის შესახებ ფრიდმანმა გამოცემა Bloomberg-თან ვრცელ ინტევიუში ისაუბრა.

ფრიდმანის ზემოხსენებულ მოლოდინს მისი პირადი ისტორია განაპირობებს: 57 წლის ფრიდმანი საბჭოთა კავშირში, დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში დაიბადა. ის ე.წ. პირველი ტალღის ოლიგარქი იყო, რომელმაც ქონება ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლამდე, საბანკო საქმიანობით და ენერგეტიკულ სფეროში დააგროვა. მისი მშობლები უკრაინის მოქალაქეები არიან, რომლებიც ომის დაწყებამდე დროის დიდ ნაწილს ლვოვში, საკუთარ ბინაში ატარებდნენ. ქალაქში, რომელიც ანტი-რუსული და ნაციონალისტური განწყობებით გამოირჩევა.

"ამ ქალაქის ყველა კუთხეს ვიცნობ. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ უკრაინა არ დანებდებოდა". - ამბობს ფრიდმანი.

ომის დაწყების დღეს ფრიდმანი მოსკოვში იმყოფებოდა, შემდეგ კი ლონდონში დაბრუნდა, სადაც მომდევნო დღეებში უკრაინიდან ზარებს პასუხობდა, სადაც ის და მისი პარტნიორები ქვეყნის უდიდეს ბანკს და უმსხვილესი ტელეკომუნიკაციების კომპანიის KyivStar წილს ფლობენ. ფრიდმანმა დირექტორებს განუცხადა, რომ მათ თანამშრომლებისა და მათი ოჯახების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იმდენი ფულის გამოყენება შეეძლოთ, რამდენიც დასჭირდებოდათ. 25 თებერვალს, ომის დაწყების მეორე დღეს მან მისი კომპანიის LetterOne-ის თანამშრომლებს წერილი გაუგზავნა, რომელიც შემდეგ საჯაროდაც გამოქვეყნდა. წერილში ფრიდმანმა კონფლიქტს "ტრაგედია" უწოდა და აღნიშნა, რომ "ომი ვერასდროს იქნება პასუხი". ეს ფრიდმანის ერთ-ერთი იშვიათი პოლიტიკური განაცხადი იყო. თუმცა მან პუტინის პირდაპირი კრიტიკისგან კვლავ თავი შეიკავა. მიუხედავად ამისა, ფრიდმანმა გამოცემა უთხრა, რომ ამ განცხადებამ, შესაძლოა, მისი რუსეთში დაბრუნება სახიფათოდ აქციოს. მომდევნო ორშაბათს კი მისმა საქველმოქმედო ფონდმა, ებრაულ ორგანიზაციებს, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარებიან, 10 მილიონი აშშ დოლარი გადაურიცხა.

თუმცა, ზემოხსენებულმა ნაბიჯებმა ფრიდმანი სხვა რუსი ოლიგარქების ბედის გაზიარებისგან ვერ დაიცვა. მას ვერც წლების განმავლობაში აშშ-სა და ევროპაში კონტაქტების დაგროვებამ უშველა. 28 თებერვალს ფრიდმანს საკუთარმა ადვოკატებმა შეატყობინეს, რომ მას და მის დიდი ხნის პარტნიორს, პიოტრ ავენს ევროკავშირმა სანქციები დაუწესა. ავენი რუსეთის წამყვან კერძო ბანკს, Alfa-Bank-ს ხელმძღვანელობდა, რომელიც ფრიდმანის კორპორაციის Alfa Group Consortium-ის ერთ-ერთი მთავარი დასაყდენია. [ამავე კორპორაციის მფლობელობაში IDS Borjomi International-იც შედის]. როდესაც ადვოკატებმა ფრიდმანს აუხსნეს, რომ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოგზაურობას უკრძალავდა და ანგარიშებს უყინავდა, ფრიდმანს სიტყვების მოძებნა გაუჭირდა.

"შოკში ვიყავი, ფაქტობრივად ვერც გავიგე რას მეუბნებოდა". - ამბობს ფრიდმანი.

როგორც ფრიდმანმა გამოცემას უთხრა, მისთვის თვალნათელია, რომ ევროკავშირს არ ესმის როგორ მუშაობს ძალაუფლება რუსეთში რეალურად. თუ სანქციების მიზანი ის არის, რომ მან [სანქციებმა] ფრიდმანის მსგავს ადამიანებს პუტინზე ზეწოლის მოტივაცია მისცეს, ეს არარეალურზე უარესია.

"არასდროს ვყოფილვარ არცერთ სახელმწიფო კომპანიაში ან სახელმწიფო თანამდებობაზე. თუ ევროკავშირის ლიდერები ფიქრობენ, რომ სანქციების გამო მე მივალ პუტინთან და ვეტყვი, რომ ომი შეაჩეროს და ეს იმუშავებს, ვშიშობ, რომ ყველანი დიდ განსაცდელში ვართ. ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს არაფერი არ ესმით იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს რუსეთი. ეს კი მომავლისთვის საფრთხის შემცველია". - თქვა ფრიდმანმა.

ფრიდმანი, რომლის ქონებაც ომის დაწყებამდე 14 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, დღეს კი ფურცელზე 10 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა, უცნაურ პოზიციაშია - ოლიგარქი, რომელსაც ფული არ აქვს. მას შემდეგ რაც ბრიტანეთი ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, მისი უკანასკნელი, ბრიტანული საბანკო ანგარიშიც გაიყინა. როგორც ფრიდმანმა გამოცემას უთხრა, მას დღეს ფულის დასახარჯად სპეციალური ლიცენზიის აღება უწევს, ბრიტანეთის მთავრობა კი წყვეტს თუ რამდენად "დასაბუთებულია" მისი მოთხოვნა. რაც იმას გულისხმობს, რომ მას ყოველთვიურად დაახლოებით 2 500 ფუნტ სტერლინგზე მიუწვდება ხელი. გამოცემა აღნიშნავს, რომ ფრიდმანი გაღიზიანებულია, თუმცა, სიფრთხილეს ინარჩუნებს და მის განსაცდელს უკრაინელთა ბედს არ ადარებს.

"ჩემი პრობლემები მათ პრობლემებთან შედარებით, ნამდვილად არაფერია". - ამბობს ფრიდმანი.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, სანქციების გრძელ ჩამონათვალში საზოგადოების ყურადღება რუს ოლიგარქთა იახტების, ვერტმფრენების და დასავლური ვილების დაუსრულებელმა სიამ მიიპყრო. ფრიდმანი კი აღნიშნავს, რომ ის ლონდონსა და მოსკოვში სახლებისა და ლატვიაში მისი მშობლების ბინის გარდა, უძრავ ქონებას არ ფლობს. მისი თქმით, მის მფლობელობაში არც იახტა და არც თვითმფრინავი არ შედის.

Bloomberg-ი წერს, რომ ფრიდმანის კითხვას "რატომ მე?" შესაძლოა, გარკვეული საფუძველი გააჩნდეს.

"ოლიგარქების მიმართ დაწესებულ პერსონალური სანქციები ზუსტი ინსტრუმენტი არ არის. რუსეთში ფრიდმანსა და ავენზე გაცილებით უარეს ოლიგარქებს ვიცნობ. ეს სანქციები არ არის სამართლიანი ინსტრუმენტი. ის უფრო მასობრივი განადგურების იარაღია". - ამბობს ვუდრო უილსონის მეცნიერთა საერთაშორისო ცენტრის კენანის ინსტიტუტის უფროსი მრჩეველი, სერგეი პარხომენკო.

"ეს არაპირდაპირი მიდგომაა, სტრატეგია ასეთია: თუკი პუტინთან დაახლოებული ოლიგარქები ზეწოლის ქვეშ მოექცევიან, ისინი პუტინზე ზეწოლას მოახდენენ. აშშ-მ ოლიგარქებს სანქციები ჯერ კიდევ 2014 წელს დაუწესა, შემდეგ კი 2018 წელს რამდენიმეს. თუმცა, ამ სტრატეგიის წარმატება ბუნდოვანია, როგორც ოლიგარქების მიერ პუტინის მხარდაჭერის შეწყვეტის ნაწილში, ასევე იმაში თუ რამდენად დაზარალდნენ ისინი". - ამბობს იურიდიული კომპანია Gibson, Dunn & Crutcher-ის წარმომადგენელი და აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს ყოფილი უფროსი მრჩეველი, ადამ სმიტი, რომელიც სანქციებზე 2010-2015 წლებში მუშაობდა.

სანქციები საფანტიანი თოფის ნასროლს ჰგავს - ზოგი მიზანს ხვდება, ზოგი ცდება, ზოგი კი უბრალოდ ნაკაწრებს ტოვებს. აშშ-ს ფრიდმანისთვის, ავენისთვის ან მათი პარტნიორი, გერმან ხანისთვის პირადი სანქციები არ დაუწესებია. ევროკავშირმა კი ფრიდმანსა და ავენს პერსონალური სანქციები დაუწესა, თუმცა, აშშ-მ და ევროკავშირმა Alfa-Bank-ს, რომელიც ზემოხსენებული პირების ქონების უდიდეს ნაწილს განაპირობებს, მხოლოდ მსუბუქი შეზღუდვები დაადო. ასეთი არათანმიმდევრულობა არაერთია. აშშ-მ, ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ალიშერ უსმანოვს სანქციები დაუწესეს, მას საკუთარ იახტასა და ვერტმფრენზე წვდომა შეეზღუდა, თუმცა აშშ-მ საკუთარი ნაბიჯი მაშინვე შეცვალა და მისი კომპანიების ნაწილს ბიზნესის გაგრძელებისთვის საჭირო ლიცენზიები დაურიგა. მის გარდა, შეზღუდვების აცილება არაერთმა გავლენიანმა სამიზნემ მოახერხა. მაგალითად, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული Gazprombank-ი, რომელიც დიდწილად ხელუხლებელი დარჩა, რადგან ის ევროპის გაზმომარაგებაში საკვანძო როლს თამაშობს.

ფრიდმანი არგუმენტი, რომ მას არ აქვს საკმარისი ძალაუფლება, კრემლზე გავლენის მოსახდენად, ცხადყოფს თუ როგორ შეიცვალა რუსი ოლიგარქების როლი 1990-იანი წლების შემდეგ. იმ დროს, ფრიდმანი ერთ-ერთი იყო ოლიგარქთა იმ თავდაპირველი შვიდეულიდან, რომელსაც რუსეთში სემიბანკირშინას უწოდებდნენ. ეს იყო ჯგუფი, რომელიც აფინანსებდა, პრეზიდენტი ელცინის ხელახლა არჩევის კამპანიას და ჰქონდა გავლენა კრემლის პოლიტიკაზე. თუმცა, სიტუაცია 2000 წელს, პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეიცვალა. პუტინი საკუთარი მოდელით მოვიდა, ახალი შეთანხმება ასეთი იყო: თუ ისინი [7 ოლიგარქი] პოლიტიკისგან თავს შორს დაიჭერდნენ, საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაგრძელებას შეძლებდნენ. პუტინმა გაანადგურა ის ოლიგარქები, ვინც ზემოხსენებული შეთანხმება დაარღვია. მათ შორის ყველაზე თვალსაჩინო, მიხაილ ხოდორკოვსკის შემთხვევაა, რომელსაც პოლიტიკაში მოსვლის მცდელობის პასუხად ციხეში 10 წლის გატარება მოუხდა. მმართველობის 22-წლიან ხანაში კი პუტინმა ხელი შეუწყო ოლიგარქთა ახალი ჯგუფის ჩამოყალიბებას, რომლებმაც ქონება სახელმწიფო კონტრაქტებით და სახელმწიფო კომპანიების მართვით დააგროვეს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ფრიდმანისთვის სანქციები რუსეთის გარეთ მისი მიღების 20-წლიანი კამპანიის დასასრულს წარმოადგენს. 20 წლის განმავლობაში ის და ავენი ვაშინგტონს არაერთხელ ეწვიენ, გამართეს შეხვედრები კონგრესის წევრებთან და სხვადასხვა ანალიტუკ ჯგუფებთან, რათა მიეღწიათ იმისთვის, რასაც ფრიდმანი "კონსტრუქციულ ურთიერთობას" უწოდებს. 2004 წელს, მათ Alfa-ს ქოლგის ქვეშ შექმნეს სასტიპენდიო პროგრამა, რომელმაც ამერიკის, ბრიტანეთისა და გერმანიის 200-ზე მეტი მოქალაქის რუსეთში ჩასვლა და მუშაობა დააფინანსეს, რათა "დასავლეთში რუსეთის შესახებ ცოდნა გაღრმავებულიყო". როგორც ფრიდმანმა გამოცემას გაუმხილა, როდესაც სანქციებზე საუბარი დაიწყო, ის ელოდა, რომ მას ეს ურთიერთობები დაიცავდა.

"ჩვენ გულწრფელად გვჯეროდა, რომ დასავლური სამყაროს ისეთი კარგი მეგობრები ვიყავით, რომ არ დაგვსჯიდნენ. Alfa-ს სასტიპენდიო პროგრამას ასობით ალუმნი ჰყავს, მათი დიდ ნაწილს წარმატებული ადამიანები შეადგენენ". - ამბობს ფრიდმანი.

2013 წელს ნავთობის კომპანია TNK-BP სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მყოფმა კომპანიამ, Rosneft-მა იყიდა. ამ გარიგებიდან Alfa Group-მა 14 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო. მომდევნო წელს კი პუტინმა ყირიმის ანექსია მოახდინა, რამაც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ახალი ტალღა გამოიწვია. ფრიდმანმა და ავენმა რუსული კაპიტალის ნაწილი გაყიდეს, თუმცა Alfa-Bank და წილი ქვეყნის ყველაზე დიდ სუპერმარკეტთა ქსელში X5 კვლავ დარჩათ. გაყიდვიდან შემოსული კაპიტალი კი ფრიდმანმა და ავენმა ევროპულ კომპანიებში დააბანდეს, მათ შორის, ესპანურ სუპერმარკეტების ქსელში Dia, ჯანმთელი საკვების კომპანიაში Holland & Barrett და ენერგო კომპანიაში Wintershall DEA AG. ამასთან, მათ ინვესტიციები ტელეკომუნიკაციების ქსელში, Veon Ltd.-ში ჩადეს, რომელსაც უკრაინელ-ამერიკელი ბიზნესმენი, გენადი გაზინი ხელმძღვანელობს. გაზინი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ეროვნული ინვესტიციის საბჭოს წევრია. იმის გამო, რომ ფრიდმანი და მისი პარტნიორები ზემოხსენებულ კომპანიებში, საკონტროლო პაკეტს არ ფლობენ, მათ [კომპანიებს] სანქციები არ შეეხებათ. 

კითხვაზე თუ რატომ არ დატოვა რუსული ბაზარი და რატომ არ გაყიდა Alfa Group-ი ფრიდმანმა ასე უპასუხა:

"ასეთი დიდი კომპანიის გაყიდვა არცთუ მარტივია. ამასთან, ეს ის კომპანიაა, რომელიც ნოლიდან ავაშენეთ, შესაბამისად ეს არც ემოციური თვალსაზრისით არის მარტივი. ეს ბიზნესები ჩემი შვილებივით არიან". - თქვა ფრიდმანმა.

ევროკავშირმა ფრიდმანისა და ავენის შეხვედრები აშშ-ში სანქციების ერთ-ერთ საფუძვლად დაასახელა. უფრო ზუსტად, ევროკავშირმა 2018 წელს ვაშინგტონში ბიზნესმენების ვიზიტის რეალურ მიზნად, "რუსული ხელისუფლების მესიჯის გავრცელება აშშ-ს სანქციებსა და რუსეთის საპასუხო სანქციების შესახებ" დაასახელა. ფრიდმანი ამ მოტივს უარყოფს, მისი თქმით, ბიზნესმენები ანალიტიკურმა ცენტრმა ატლანტიკურმა საბჭომ მიიწვია, რუსეთში არსებული მდგომარეობის განსახილველად. მისი თქმით, ასეთ შეხვედრებზე ისინი, არაერთხელ მიუწვევიათ.

"რუსეთის მთავრობას ჩვენ არასდროს არსად არ გავუგზავნივართ, არანაირი ფორმით". - ამბობს ფრიდმანი.

ბრიუსელში იმასაც ვარაუდობდნენ, რომ ფრიდმანი და ავენი პუტინის უფროს შვილთან, მარისთან იყვნენ დაკავშირებულები, რომელიც ევროკავშირის თქმით, Alfa-Bank-ის საქველმოქმედო პროექტს, Alfa-Endo-ს ხელმძღვანელობდა. ვარაუდის საფუძველი 2015 წელს Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც, თავად მარია ამბობდა, რომ ზემოხსენებულ პროექტზე, როგორც სადოქტორო კანდიდატი, მუშაობდა.

"მას ჩვენთან არასდროს, არანაირი ფორმით არ უმუშავია. მე ის ცხოვრებაში არ მინახავს. მას არც კი ვიცნობ". - ამბობს ფრიდმანი.

ფრიდმანის თქმით, ის პოლიტიკისგან თავის შორს დაჭერას მუდმივად ცდილობდა, რაც საკმაოდ რთულია მილიარდერისთვის, რომელიც რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გადასახადების გადამხდელია. რეალურად ის ცდილობდა, რომ ბალანსი შეენარჩენებინა. ფრიდმანი ბორის ნემცოვის მეგობარი იყო, ოპოზიციის ლიდერის, რომელიც 2015 წელს კრემლთან ახლოს მოკლეს. მომდევნო წელს, მან მონაწილეობა მიითო ნემცოვისა და ოპოზიციის სხვა ლიდერების შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში, რაც რუსი ოლიგარქებისთვის საკმაოდ უჩვეულო ნაბიჯია. როგორც ფილმში ფრიდმანი ამბობს, ის ნანობდა, რომ ნემცოვის გარდაცვალებამდე, უკანასკნელ წლებში მასთან მცირე დროს ატარებდა, ამის მიზეზი კი ის იყო, რომ მასთან ურთიერთობა მის ბიზნესს, სავარაუდოდ, საფრთხეს შეუქმნიდა. ფრიდმანის სხვა ქმედებებში კი ყოველთვის ჩანდა, რომ მას კრემლის გაღიზიანება არ სურდა. 2012 წელს მან Alfa Group-ის ერთ-ერთ დირექტორს, ვლადიმირ აშურკოვს, ოპოზიციის ლიდერთან, ალექსეი ნავალნისთან მუშაობის გამო, გადადგომა სთხოვა.

"ფრიდმანმა თქვა, რომ მას ხელისუფლებასთან კომპრომისებზე წასვლა ყოველდღიურად უწევდა და პოლიტიკაში ჩართულობა არ სურდა. მე მისი მესმის. თუ რუსეთში მსხვილ ბიზნესებს მართავ, მთავრობის ქმედებებს რომც არ ეთანხმებოდე, მათთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება მაიცნ გიწევს, რათა თავდასხმები და სხვა სახის სასჯელები აიცილო". - ამბობს აშურკოვი, რომელიც ნავალნის ანტი-კორუფციული ფონდის აღმასრულებელი დირექტორია.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ნავალნიმ 35 ოლიგარქისგან შემდგარი სია გამოაქვეყნა. მისი თქმით, ჩამოთვლილი ოლიგარქებისთვის ადამიანის უფლებების დარღვევისა და კორუფციის გამო, სანქციები უნდა დაეწესებინათ. სიაში ფრიდმანი და ავენი არ იყვნენ.

თუმცა, არსებობენ სხვები, ვინც თვლიან, რომ ფრიდმანი პუტინის სისტემიდან სარგებელს ნახულობს და სანქციებს იმსახურებს. ილია ზასლავსკიმ, რომელიც 2010 წლამდე TNK-BP-ში მუშაობდა, ახლა კი ვაშინგტინში, საეთაშორისო კერძო საწარმოების ცენტრს წარმოადგენს, ფრიდმანისა და ავენისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდა. მან 2021 წელს 8 მილიარდერის სია გამოაქვეყნა და მათ "კრემლიგარქები" და პუტინთან დაახლოებული პირები უწოდა. ამის ერთ-ერთ არგუმენტად ზასლავსკის Alfa Group-ში მაღალ თანამდებობებზე კრემლთან დაახლოებული პირების მუშაობას ასახელებდა. მათ შორის, ალექსანდრ ვინოკუროვის, რომელიც სერგეი ლავრობის გერია. ვინოკურობი Alfa-ს შვილობილ კომპანიას A1-ს 2014-2017 წლებში ხელმძღვანელობდა. 2017 წელს მას ევროკავშირმა და ბრიტანეთმა სანქციები დაუწესეს. ფრიდმანმა და მისმა პარტნიორებმა კი ჟურნალისტების წინააღმდეგ არაერთი საჩივარი შეიტანეს, რათა მათი ვარაუდები ბიზნესმენების კრემლთან სიახლოვის შესახებ, ჩაეხშოთ.

ევროკავშირს კი სანქციების ჩამონათვალში, ავენზე მეტი ჰქონდა სათქმელი, ვიდრე ფრიდმანზე. მათ ავენი იმ 50 მდიდარი რუსი ბიზნესმენის სიაში შეიყვანეს, რომლებიც პუტინს კრემლში რეგულარულად ხვდებოდნენ. ევროკავშირი 2016 წელს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის გავლენის შესახებ FBI-ის ყოფილი დირექტორის, რობერტ მიულერის ანგარიშს ციტირებს. ავენმა მიულერის გამომძიებლებს უთხრა, რომ "ნებისმიერი შეთავაზება ან კრიტიკა, რომელიც ამ შეხვედრებზე პუტინისგან მოდიოდა, არაპირდაპირ დირექტივებს გულისხმობდა".

ფრიდმანის თქმით, ის პუტინს ერთი-ერთზე არასდროს შეხვედრია, თუმცა სხვა ბიზნესმენების ჯგუფთან ერთად არაერთხელ. ამასთან, ის ავენის პუტინთან შეხვედრების განსაკუთრებულ მნიშვნელობასაც უარყოფს.

"პუტინისა და ნებისმიერი სხვა ადამიანის ძალაუფლებას შორის იმხელა დისტანციაა, რაც დედამიწასა და კოსმოსს შორის. ავენი ამ შეხვედრებს ასე უდგებოდა: "მადლობა, რომ ამისთვის დრო გამონახეთ". პუტინთან ომის საწინააღმდეგო რამის თქმა, ნებისმიერისთვის, სუიციდის ტოლფასი იქნებოდა". - ამბობს ფრიდმანი.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ფრიდმანისთვის სანქციები არ დაუწესებია, ევროკავშირისა და ბრიტანეთის მიერ მიღებულმა ზომებმა, მისი ანგარიშების გაყინვა გამოიწვია. ბრიუსელის მიერ სანქციების გამოცხადების მომდევნო დღეს, ფრიდმანმა აღმოაჩინა, რომ მისი საკრედიტო ბარათები არ მუშაობდა. ახლა კი ფრიდმანი ცდილობს გაარკვიოს, როგორ დაფაროს ყოველდღიური ხარჯები, მაგალითად როგორ გადაუხადოს თანხა დამლაგებელს.

"ალბათ სახლი თავადვე უნდა დავალაგო. არაუშავს, სტუდენტობის დროს საერთო საცხოვრებლის ოთახში, 4 ადამიანთან ერთად ვცხოვრობდი, თუმცა, 35 წლის შემდეგ ეს მოულოდნელია". - ამბობს ფრიდმანი.

ფრიდმანმა და ავენმა მათი ყველა კომპანიის დირექტორთა საბჭო და დაკავებული თანამდებობები დატოვეს. მათ შორის, Alfa-Bank-სა და LetterOne-ში, სადაც მათ უთხრეს, რომ ოფისში აღარ მოსულიყვნენ. მათი პარტნიორები, ხანი, ალექსეი კუზმიჩევი და ანდრეი კოსოგოვი LetterOne-ში დაკავებული თანამდებობებიდან ასევე გადადგნენ. პარალელურად, დირექტორთა საბჭომ განაცხადა, რომ კომპანია უკრაინის დასახმარებლად 150 მილიონ აშშ დოლარს გადარიცხავს.

ფრიდმანის თქმით, მას ევროკავშირის სანქციებთან შედავებისთვის ორი თვე აქვს. ის ამისთვის ლონდონელ ადვოკატთან, როჯერ გერსონთან მუშაობს, რომელსაც რუსი კლიენტებისთვის სავიზო პრობლემების მოგვარების გამოცდილება აქვს, სანქციებზე მუშაობის კი არა.

ფრიდმანი ისრაელის პასპორტს ფლობს, თუმცა, როდესაც გამოცემამ მას ისრაელში გადასახლების იდეაზე ჰკითხა, მან უპასუხა, რომ იქ სახლი არ აქვს, ყიდვისთვის ფულის გამოყენება კი არ შეუძლია.

"აქ პატიმარივით ვარ". - ამბობს ფრიდმანი.

როგორც გამოცემა წერს, ინტერვიუს დროს ფრიდმანმა არაერთხელ გაუსვა ხაზი სანქციების [ფრიდმანი შეფასებით] ალოგიკურობას. კერძოდ იმას, რომ ევროკავშირმა მას პერსონალური სანქციები დაუწესა, პარალელურად კი აშშ-მ და ევროკავშირმა Alfa-Bank-ს მხოლოდ ვალის ზრდისა და 14 დღეზე დიდი ვადით დაფინანსების შესაძლებლობა შეუზღუდა.

"არ ვფიქრობ, რომ ეს [სანქციები] ეფექტური იქნება. არ მესმის ჩემი დასჯის ლოგიკა. რა აზრი დევს ამაში? "ეს ხარბი ოლიგარქები პუტინთან მივლენ და ეტყვიან, რომ შეჩერდეს". რის საფუძველზე ფიქრობენ ამას?". - ამბობს ფრიდმანი.

როგორც გამოცემა წერს, ინტერვიუს ჩაწერიდან რამდენიმე დღეში ფრიდმანს სანქციები ბრიტანეთმაც დაუწესა. ფრიდმანმა კი Bloomberg-ის ჟურნალისტს მხოლოდ იმის სათქმელად დაურეკა, რომ სიტუაცია უარესდება.

"არ ვიცი როგორ ვიცხოვრო. არ ვიცი. მართლა არ ვიცი". - უთხრა ფრიდმანმა ჟურნალისტს.

წყარო - Bloomberg

კომენტარები