რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

უკრაინელი მსახიობი ოქსანა შვეცი კიევის დაბომბვისას დაიღუპა

უკრაინელი თეატრისა და კინოს მსახიობი, ოქსანა შვეცი კიევის საარტილერიო დაბომბვისას დაიღუპა. ინფორმაციას კიევის ეროვნული აკადემიური ახალგაზრდული თეატრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მსახიობი 67 წლის იყო. 1975 წელს დაამთავრა თეატრალური სტუდია. 1980 წლიდან არის ახალგაზრდული თეატრის მსახიობი. სცენაზე აქვს შესრულებული ასობით როლი, მათ შორის სპექტაკლებში სირანო დე ბერჟერაკი, სამი და, ვიი, რევიზორი და სხვები. გადაღებულია რამდენიმე ფილმსა და სერიალში. იყო უკრაინის დამსახურებული არტისტი.

6 მარტს ირპენში დაიღუპა კიდევ ერთი უკრაინელი მსახიობი და შოუმენი პაშა ლი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

კომენტარები