რუსეთი-საქართველო

სამინისტრო: ჩეჩნეთთან გზის მშენებლობა არასდროს მდგარა ქართული მხარის დღის წესრიგში

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველო არასდროს განიხილავდა და არ განიხილავს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას. 

"გვსურს გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის უშიშროების საბჭოზე განხილულ საქართველო-ჩეჩნეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხზე და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადოთ, რომ საქართველო არასდროს განიხილავდა და არც განიხილავს საქართველოს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი რაიმე გზის მშენებლობას.

გზის მშენებლობის საკითხი არასდროს მდგარა ქართული მხარის დღის წესრიგში და შესაბამისად, ნებისმიერი ინფორმაცია მასთან დაკავშირებით არის მცდარი.

საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით, ვთხოვთ ქართულ მედია საშუალებებს, ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, მიაწოდონ მოსახლეობას ქართულ მხარესთან გადამოწმებული პოზიციაც".- აღნიშნულია განცხადებაში. 

15 მარტს ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევმა და ჩრდილო კავკასიის ფედერალური ოლქისა და რუსეთის ფედერაციის მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად ჩეჩნეთიდან საქართველოსთან სასაზღვრო გადასასვლელის საჭიროებაზე ისაუბრეს. 

ჩეჩნეთის მთავრობის მეთაურმა, მუსლიმ ხუჩიევმა აღნიშნა, რომ პროექტი, სანქციების პირობებში უცხოეთიდან ტვრითბრუნვის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია და ამ გზას "სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს".

კომენტარები