ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი ჩავიდა და ჩრდილო კავკასიის ფედერალური ოლქისა და რუსეთის ფედერაციის მაღალი თანამდებობის პირების გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე უკრაინაში მიმდინარე ომი, დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაკისრებული სანქციები და მისი შედეგები განიხილეს. ჩეჩნეთის მთავრობის მეთაურმა, მუსლიმ ხუჩიევმა ჩეჩნეთიდან საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი, ამ პირობებში უცხოეთიდან ტვრითბრუნვის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია და ამ გზას "სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს".
"ჩეჩნეთის რესპუბლიკა უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობს სამხრეთ საზღვრებზე სასაზღვრო გადასასვლის მოსაწყობად საქართველოსთან. ამ საკითხზე 2019 წელს, დიდ პრესკონფერენციაზე ბატონმა პუტინმაც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ეს კარგი იდეაა, მაგრამ ჯერჯერობით ტრანსპორტის სამინისტროს პრაქტიკულ გეგმებში არ ფიგურირებს, თუმცა მისი განხორციელების მიზანშეწონილობა ნამდვილად არსებობს. გზის მშენებლობა ჯერ კიდევ 90–იანებში დაიწყო, თუმცა საბრძოლო მოქმედებების დაწყების გამო შეწყდა. ჩეჩნეთისდან საქართველოსკენ გზის მშენებლობას ძალიან დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რუსეთის ფედერაციისთვის. ის უზრუნველყოფს დამოუკიდებელ გასასვლელს უცხოეთის ქვეყნებში –საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი, რომლებსაც განვითარებული სატრანსპორტო კავშირი აქვთ, როგორც ზღვით, ასევე რკინიგზით".- ამბობს ხუჩიევი და აღნიშნავს, რომ საკითხი უშიშროების საბჭოს სხდომაზე უნდა განიხილოს.
ამაზე ნიკოლაი პატრუსევმა თქვა, რომ საკითხს გადაწყვეტილებების მიღების პროექტში ჩართავენ და შესაბამის ფორმულირებაზე შეთანხმდებიან.





