რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვის დაბომბვას ერთ დღეში 53 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

16 მარტს რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვის დაბომბვას 53 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსებმა თავდასხმა სამოქალაქო ობიექტებზე განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაცია ჩერნიგოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ჩაუსმა გაავრცელა.

"მტერი ჩერნიგოვში აგრძელებს სისტემატიურ საარტილერიო და საჰაერო თავდასხმებს. ისინი ანადგურებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. მხოლოდ გუშინ, ერთ დღეში რუსებმა 53 ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლეს. ჩვენ თითოეული დაღუპული უკრაინელის გამო შურს ვიძიებთ. ყველას დიდ მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის". - ამბობს ჩაუსი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები