რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"მიუღებელი, მიუტევებელი რიტორიკაა" – პესკოვი ბაიდენზე, რომელმაც პუტინს ომის დამნაშავე უწოდა

კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი სამთავრობო მედიას TASS-თან საუბარში ამბობს, რომ პრეზიდენტზე, ვლადიმირ პუტინზე აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვები "მიუღებელი და მიუტევებელი რიტორიკაა".

"მიუღებლად და მიუტევებლად მივიჩნევთ სახელმწიფოს მეთაურის ამ რიტორიკას. მისი ბომბებით ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა მთელ მსოფლიოში".  - თქვა მან. 

ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინს "ომის დამნაშავე" პირველად უწოდა.

"მე ვფიქრობ, რომ ის ომის დამნაშავეა". - თქვა ბაიდენმა თეთრ სახლში გამართული ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტებთან.

აშშ-ს პრეზიდენტის სიტყვებით ადმინისტრაციის წინა პოზიციის ცვლილებაა, რადგან ამ დრომდე ოფიციალური პირები, მათ შორის, ჯო ბაიდენი, თავს იკავებდნენ ვრცლად საუბრისგან საკითხზე, რომ უკრაიანში ომის დანაშაულები ხდებოდა და კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა ამ ტერმინის გამოყენება, მიმდინარე გამოძიებებზე მიუთითებდნენ. 

"პრეზიდენტის სიტყვები ყველაფერზე მეტყველებს. ეს გულიდან წამოსული იყო". - თქვა პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ. 

ფსაკის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტში ომის დანაშაულებებზე გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები