რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რაკეტები, დრონები, ჯაველინები – აშშ-მ უკრაინას დამატებით $800-მილიონიანი პაკეტი დაუმტკიცა

The White House

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მან უკრაინის თავდაცვისთვის დამატებით $800-მილიონიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა. შესაბამის განკარგულებას ხელი ბაიდენმა უკვე მოაწერა.

"ჩვენ უკრაინის დასახმარებლად ახალი, უპრეცედენტო პაკეტი შევიმუშავეთ. აშშ მათ თავდაცვისთვის დამატებით 800 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტს გაუგზავნის. შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოვაწერე. მადლობა მინდა გადავუხადო კონგრესს, რადგან მათ მოახერხეს ამ თანხის გამოყოფა. აღნიშნული პაკეტი მოიცავს 800 ერთეულ ჰაერსაწინააღმდეგო იარაღსა და რაკეტას, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინელები კვლავაც განაგრძობენ საკუთარი საჰაერო სივრცის დაცვას და მოსახლეობას თავიდან აარიდებენ რუსეთის საჰაერო თავდასხმებს. აგრეთვე, ჯაველინებს, ყუმბარმტყორცნებს, ანტისატანკო იარაღებს, დრონებსა და სხვადასხვა თავდაცვით საშუალებებს, რასაც აშშ აქამდეც აწვდიდა უკრაინას. მსოფლიო ერთიანია უკრაინის დასახმარებლად და პუტინი ძალიან მძიმე ფასს გადაიხდის". - განაცხადა ბაიდენმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები