რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

FINANCIAL TIMES: რუსეთმა და უკრაინამ 15-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი

Financial Times-ის ინფორმაციით, უკრაინამ და რუსეთმა, სავარაუდოდ, 15-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. შეთანხმება, მედიის ინფორმაციით, მოიცავს ცეცხლის შეწყვეტასა და რუსული ჯარის გაყვანას, თუ კიევი ნეიტრალიტეტსა დათანხმდება და საკუთარ შეიარაღებულ ძალებზე ლიმიტს დააწესებს. მედია ინფორმაციას მოლაპარაკებებში მონაწილე 3 პირზე დაყრდნობით ავრცელებს. 

შეთავაზება, რომელიც მხარეებმა ორშაბათს, 14 მარტს განიხილეს, მოიცავს იმასაც, რომ უკრაინა უარს იტყვის NATO-ში გაწევრიანების ამბიციაზე და პირობას დადებს, რომ არ მიიღებს უცხოურ სამხედრო ბაზებს ან იარაღს დაცვის სანაცვლოდ, ისეთი ქვეყნებისგან, როგორიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი და თურქეთი.    

მიუხედავად იმისა, რომ მედიასთან საუბარში ორივე მხარე ამბობს, რომ შეთანხმების პირობებზე პროგრესს მიაღწიეს, უკრაინის წარმომადგენლები კვლავ სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რადგან ფიქრობენ, რომ მოსკოვი, შესაძლოა, დროს იგებს ძალების გადაჯგუფებისა და შეტევის განახლებისთვის. დღეს, 16 მარტს პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ მოსკოვი უკრაინაში ომის ყველა მიზანს მიაღწევს.

"ჩვენ არასოდეს მივცემთ უფლებას, რომ უკრაინა გახდეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების დასაყრდენი". - თქვა მან.  

მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეთაურის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი. პოდოლიაკის მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უკრაინის მოთხოვნებს ადასტურებს. 

"მოკლედ, Financial Times-მა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც ნაჩვენებია რუსული მხარის მოთხოვნა და მეტი არაფერი. უკრაინულ მხარეს თავისი პოზიციები აქვს. ერთადერთი, რასაც ამ ეტაპზე ვადასტურებთ, არის ცეცხლის შეწყვეტა; რუსული ჯარების გაყვანა და უსაფრთხოების გარანტიები რიგი სახელმწიფოებიდან".- წერს პოდოლიაკი. 

ამ დრომდე, რუსეთ-უკრაინის მოლაპარალებების 4 რაუნდი გაიმართა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები