რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: ჩვენი სამხედროების მხოლოდ დონბასში მოქმედებით საფრთხეს ვერ უვნებელვყოფდით

ვლადიმირ პუტინის და დონალდ ტრამპის შეხვედრა, 2019 წლის ივნისი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, თუ რუსეთის ჯარი მხოლოდ დონბასის რეგიონში იმოქმედებდა, ისინი ვერ შეძლებდნენ უკრაინიდან მომავალი საფრთხის უვნებელყოფას.

"მინდა ხაზი გავუსვა, თუ ჩვენი სამხედროები მხოლოდ სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიაზე იმოქმედებდნენ, დაეხმარებოდნენ საკუთარი მიწების გათავისუფლებაში, ეს არ გახდებოდა საბოლოო გადაწყვეტა, არ მიგვიყვანდა მშვიდობამდე და არ უვნებელყოფდა საფრთხის ფესვებს ჩვენი ქვეყნისთვის, უკვე რუსეთისთვის. პირიქით, დონბასისა და მისი საზღვრების გარშემო ახალი ფრონტის ხაზი გაიშლებოდა. გაგრძელდებოდა სროლები და პროვოკაციები. ანუ, შეიარაღებული კონფლიქტი გაიწელებოდა სამუდამოდ, მას გამოკვებავდა კიევის რეჟიმის რევანშისტული ისტერიკა, ხოლო NATO-ს ინფრასტრუქტურა უკრაინაში უფრო სწრაფად და აგრესიულად განლაგდებოდა. ვიქნებოდით ფაქტის წინაშე, რომ ჩვენს საზღვრებთან იქნებოდა ალიანსის დამრტყმელი, მოიერიშე ინფრასტრუქტურა". – თქვა ვლადიმირ პუტინმა.

პუტინის თქმით, რუსეთი არ დაუშვებს, რომ უკრაინა აგრესიული ქმედებების პლაცდარმად იქცეს.

"ჩვენ არ გვრჩებოდა თავდაცვის სხვა ვარიანტი სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების გარდა და ყველა დასახული დავალება უსიტყვოდ შესრულდება. ჩვენ საიმედოდ უზრუნველვყოფთ რუსეთისა და ჩვენი ერის უსაფრთხოებას. არასდროს დავუშვებთ, უკრაინა მოქმდებდეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების პლაცდარმად". – თქვა პუტინმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები