რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პრეზიდენტის ციტატები უკრაინაში ომზე, რომლებიც არ უნდა გამოგვრჩეს

სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili / Facebook

რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის პარალელურად, გთავაზობთ საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც არ უნდა გამოგრჩეთ. 

საქართველოს პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ქართული ოცნება რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რომ გააკეთოს, ქართველი ხალხი კი ფრუსტრირებული არ არის. 

"არ ვიცი, საიდან იღებთ ინფორმაციას, მაგრამ არ მგონია, რომ საქართველოს მოსახლეობა ფრუსტრირებულია. ვფიქრობ, ქართველი ხალხი ძალიან დიდი სოლიდარობას გამოხატავს და ბევრ ინიციატივას იჩენს. როგორც უკვე ვთქვი, მთავრობა და სახელმწიფო აკეთებენ ყველაფერს, რაც კი შეიძლება გაკეთდეს ქვეყნის მიერ, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია. დანარჩენი კეთდება მოსახლეობის მიერ, მხარდაჭერის გამოხატვა - მიდიან ექიმები, მოხალისეები და არ არის საჭირო, საქართველომ რაიმე სახის პროვოკაცია შექმნას, რაც შეიძლება მოგვიანებით იქნეს გამოყენებული. 

ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მაგალითი, თუ როგორ მოქმედებს ვოლოდიმირ ზელენსკი, რათა არ იყოს პროვოკატორი და რუსეთს გამოაცალოს ყველანაირი არგუმენტი. შესაბამისად, ნათელია, რომ რუსეთმა დაიწყო ეს მასშტაბური აგრესია ყველანაირი მოტივისა და პროვოკაციის გარეშე. საქართველოს სწორედ ასე იქცევა".

Euronews-ის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, თუ რატომ შეფერხდნენ ქართველი მოხალისეები, რომლებსაც უკრაინის დასახმარებლად წასვლა სურდათ, ზურაბიშვილი პასუხობს, რომ "პროპაგანდა ვრცელდება" და მოხალისეების გაშვების საკითხს მთავრობა არ წყვეტს. მოხალისეების არგაშვება და სანქციებზე "ამორალური პოზიცია" უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ელჩის გაწვევის მთავარი მიზეზები იყო. 

"ბევრი პროპაგანდა ვრცელდება. მოხალისეები საქართველოდან, ისევეროგორც სხვა ქვეყნებიდან, თავიანთი ნებით წავიდნენ. ეს არ არის ხელისუფლების გადასაწყვეტი საკითხი. ეს კითხვები დაუსვეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს. მას კარგად ესმის და განმარტა, რომ საქართველო, რომლის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, ნამყოფია ბრძოლის წინა ხაზზე, არ იქცევა ისე, როგორც NATO-ს წევრი ქვეყნები, რომლებიც მრავალმხრივ არიან დაცულები. მაგრამ ას არ გვართმევს სოლიდარობის უფლებას, რომელსაც მეც გამოვხატავ, რომელსაც ქართველი ხალხი გამოხატავს ყოველდღიურად. ისინი სრულად უჭერენ მხარს უკრაინას". - ამბობს ის.  

Daily Mail-ის ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ უნდა მოახერხოს დასავლეთმა, მიაწოდოს უკრაინას რაც შეიძლება მეტი იარაღი "საშინელი რეაქციის პროვოცირების გარეშე, სად არის ეს ხაზი?" 

"მე ვფიქრობ, რომ აქ ჩვენ შევეხეთ ხაზს აეროგამანადგურებლების საკითხით. ჩვენ ნათლად ვნახეთ, რომ პოლონეთმა, რომელიც, შესაძლოა, ამის გაკეთებას [ავიაგამანადგურებლების გადაცემას] პირდაპირ აპირებდა, გასული კვირის საფრთხეების შემდეგ გაანაალიზა, რომ უმჯობესია, ეს კოლექტიური მიდგომით მოხდეს, აშშ ამ საკითხზე წინ არ წავიდა. ჩვენ ვხედავთ უნიკალურ რამეს - როდესაც ორივე, ევროპელები და ამერიკელები მობილიზებულები და გაერთიანებულები არიან, გააკეთონ ყველაფერი, მაგრამ არა ის, რაც ომის პროვოცირება გახდება. აი, აქ ვხედავთ ხაზს". 

კითხვაზე კი, თუ რატომ არ უერთდება საქართველოს მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, სალომე ზურაბიშვილი ამტკიცებს, რომ "საქართველო ყველა ფინანსური სანქციის მონაწილეა". ოცნების ლიდერები დღემდე იმეორებენ, რომ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს არ შეუერთდებიან. 

"პირველ რიგში, საქართველო ბევრი საერთაშორისო სანქციის მონაწილეა, მათ შორის, ყველა ფინანსური სანქციის, რომელიც, ისევე, როგორც სხვა ყველას, ქართულ ბანკებსაც ეხება. ჩვენი მთავარი სანქციები ადგილზეა. ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან და ჩვენ არ გვაქვს ფრენები რუსეთში. სწორედ ეს არის საქართველოს სიტუაცია". 

უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას ზურაბიშვილმა ასევე თქვა, რომ ქართული ოცნების "პრაგმატული მიგდომის" წინააღმდეგი ვერ იქნება, რადგან ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია.

"მე მივყვები ჩემს პრინციპებს, როდესაც წარმოვადგენ საქართველოს პოზიციას, როგორც სახელმწიფოს პოზიციას, ეს ცხადად ვახსენე. რაც შეეხება პრაგმატულ მიდგომას, მე ვერ ვიქნები პრაგმატული მიდგომის წინააღმდეგი. უკვე ვახსენე, რომ ორი ტერიტორია გვაქვს, რომელიც ოკუპირებულია. ჩვენი მოსახლეობა განიცდის ამ საკითხს, ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთსა და ცხინვალში ქართულ ენასთან და სხვა ქართულ რეალობასთან წვდომა არ აქვთ, აფხაზურ ენაზე ვერ ურთიერთობენ. აქტიური საქმიანობა მიმდინარეობს. ორივე ტერიტორიაზე სამხედრო გარნიზონებია. ეს ანექსიის მიმართულებით მიდის, მაგრამ მთავრობა პასუხისმგებელია, გრძნობს პასუხისმგებლობას და აქ პრინციპებზე საუბარი არ არის ჯეროვანი, ეს არ არის იოლი დასაბალანსებლად". 

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ "ჩვენგან არავინ ელოდება რაღაც ისეთ ზომებს, რომელიც ქვეყანას საფრთხის წინაშე დააყენებს". 

"ჩვენგან არავინ ელოდება რაღაც ისეთ ზომებს, რომელიც ამ ქვეყანას დააყენებს საფრთხის წინაშე, მაგრამ ჩვენგან ყველა ელოდება სოლიდარობას – თქვენც ელოდებით, მეც ველოდები და ამისთვის ჩამოვედი დღეს აქ პარიზში, ხვალ ბრიუსელში, რომ გამოვხატო  ქართული სოლიდარობა უკრაინის მიმართ, იმ დროს, როცა ევროპა ერთიანია. ჩვენც ამ ერთიანობის ნაწილი უნდა გავხდეთ". 

ასევე, პრეზიდენტი ზურაბიშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ანალიზს "დიდად არ ცვლის".

ჟურნალისტი: თქვენ თქვით, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს არ ჰქონდა ადეკვატური საქციელი, ის წამოეგო პროვოკაციას, არ მოისმინა ამერიკელების და ევროპელების გაფრთხილებები. 2022 წელს, ზელენსკიმ ყველაფერი გააკეთა პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად და საბოლოოდ მაინც მოხდა აგრესია, აქედან გამომდინარე, ცვლის თუ არა თქვენ 2008 წლის ანალიზს?

ზურაბიშვილი: დიახ და არა, მაგრამ რეალურად დიდად არა, რამდენადაც ჩვენ არასდროს ვიცით რით შეგვიძლია აგრესიის თავიდან აცილება. მე ვთქვი მხოლოდ ის, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მაქსიმუმი გააკეთონ, რათა თავიდან აიცილონ აგრესია, განსაკუთრებით, პატარა ქვეყანაზე აგრესიის შემთხვევაში, როგორიც უკრაინის შემთხვევაა, რათა მოიგოს დრო.

ეს გააკეთა ზელენსკიმ და შესაძლოა ზელენსკიმაც ისწავლა გაკვეთილები  საქართველოს ომიდან. ყოველ შემთხვევაში, ზელენსკიმ იდეალურად გაძლო რამდენადაც შესაძლებელი იყო, არ შევიდა [...] რუსეთს არ აქვს არგუმენტი ზელენსკის შემთხვევაში, მან მოახერხა საერთაშორისო საზოგადოების სრული მობილიზება და ევროპის ერთობა, რომელიც დღეს შეიქმნა უკრაინის მხარდასაჭერად, მისი დამსახურებაცაა – იმის რაც მან გააკეთა დიპლომატიური მობილიზაციის  თვალსაზრისით რუსული აგრესიის წინაშე.  

14 თებერვალს პარლამენტში გამოსვლისას ზურაბიშვილმა თქვა, რომ დღეს ორივე მხარე - ოპოზიციაც და მთავრობაც სცოდავს უკრაინის საკითხზე. მისივე სიტყვებით, ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, "რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს, ამას გამართლება არ აქვს". ზურაბიშვილი მთავრობას მიმდინარე მოვლენების დროს უსაფრთხოების საბჭოს არშეკრების გამო აკრიტიკებს. ზურაბიშვილი ასევე ამბობს, რომ ოპოზიციას აქვს მცდელობები, საქართველოს სახელი "გააშავოს".

ოპოზიცია სცოდავს, როცა ბრიუსელში, კიევში თუ ამერიკაში აქვს მცდელობები, რომ საქართველოს სახელი და სახე გააშავოს და ქვეყანა ისე წარმოაჩინოს, რომ ვითომცდა შიში ვამჯობინეთ ღირსებას! თითქოს ღირსი არ ვართ არც ევროკავშირში გაწევრიანების, არც ნატოსთან და ამერიკასთან პარტნიორობის. ან კიდევ უარესი, როცა ამტკიცებს, ვითომცდა მთავრობამ - და მაშასადამე ქვეყანამ - შეცვალა პროდასავლური კურსი!  ეს ხომ ქვეყნის  და შენი ხალხის შეურაცხყოფაა, როცა ვაშინგტონში შენს ქვეყანას ესოდენ ბრალს უყენებ და შენივე ქვეყანა შენგან მასპინძლის დასაცავი ხდება. ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა, ხომ მხოლოდ მთავრობას  არ აზიანებს, არამედ ქვეყანას, და მტრის საქმეს აკეთებს!

ოპოზიცია სცოდავს, როცა შეურაცხყოფას აყენებს პოლიციას და პოლიციელებს. ეს არის ინსტიტუტი, რომელსაც ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია. მით უმეტეს, ამ უაღრესად დაძაბულ პერიოდში. მათ მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა ყველას გვევალება და პირველ რიგში, ვინც ხალხის არჩეულია! რა დროა კეტჩუპის და ფქვილის? ეს "სირცხვილია".

ოპოზიცია სცოდავს, როცა  რადიკალურ ზომებზე აპელირებს და ამითი ცდილობს, მთავრობის შერყევას, ანუ შექმნილი საერთაშორისო ვითარების გამოყენებით საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მიღწევას. ამ დროს კი, ქვეყანას აყენებს  ჩიხურ მდგომარეობაში და შესაძლოა, საფრთხის ქვეშ, ისე რომ ამის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებს. გაერთიანებაზე სიტყვიერად აპელირებს და რეალურად, პოლიტიკური ნიშნის მოგებას და პროვოკაციებს არ, თუ ვერ ელევა

კომენტარები