რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი ევროპის საბჭოს ოფიციალურად ტოვებს

assembly.coe.int

რუსეთი ევროპის საბჭოს ოფიციალურად ტოვებს. ორგანიზაციიდან გასვლის განცხადება რუსეთმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს უკვე გადასცა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოს ქვეყნები ორგანიზაციას ანტირუსული პოლიტიკის ინსტრუმენტად იყენებენ.

"NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნებმა, რომლებიც ბოროტად იყენებენ უმრავლესობას ევროპის საბჭოში, თანმიმდევრულად გადააქციეს ორგანიზაცია ანტირუსული პოლიტიკის ინსტრუმენტად, უარს ამბობენ თანაბარუფლებიან დიალოგზე და ყველა იმ პრინციპზე, რომელზეც დაფუძნებულია ეს ევროპული სტრუქტურა. 25 თებერვალს მათ მიიღეს დისკრიმინაციული გადაწყვეტილება და შეაჩერეს რუსეთის უფლებამოსილება ევროპის საბჭოს ორგანოებში. ასეთ პირობებში რუსეთი არ დარჩება ევროპის საბჭოში". – ნათქვამია რუსეთის განცხადებაში.

25 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა რუსეთისთვის წარმომადგენლობითი უფლებების შეჩერების გადაწყვეტილებას.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები