ქართული ოცნება

ღარიბაშვილი: საქართველოს პრეზიდენტი არის შეცდომაში შეყვანილი

ქართული ოცნების მიერ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში დავის დაწყების შემდეგ საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ზურაბიშვილი "შეცდომაში არის შეყვანილი".

"საქართველოს თითოეული მოქალაქეს და, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უმაღლესი თანამდებობის პირებს გვევალება, რომ პატივი ვცეთ და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მთავარი კანონი - კონსტიტუცია. ძალიან სამწუხაროა ის, რომ ასეთ თემებზე გვიწევს საუბარი, მაშნ, როდესაც ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობაას ამდენი პრობლემა აქვს, იქნება ეს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, ტერიტორიული პრობლემები, თუ სხვა, რეგიონში მიმდინარე ძალიან რთული პროცესები, ამ დროს, ასეთ ვითარებაში გვიწევს ჩვენ საუბარი ისეთ საკითხებზე, რომელიც არის განმარტებული, ცხადი და ნათელი. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, განმარტავს საქართველოს კონსტიტუცია.

როგორც ჩანს, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი არის შეცდომაში შეყვენილი. მე მინდა, ვარაუდი გამოვთქვა, რომ იგი გაუგებრობაში აღმოჩნდა. აქვე მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ძალიან მალე ყველაფერი გაირკვევა და ეს კითხვებიც მოიხსნება". - ამბობს ღარიბაშვილი.  

ქართული ოცნების განცხადების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის "კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებები და საფუძველს მოკლებული განცხადებები" განსაკუთრებული საფრთხის შემცველია იმ დროს, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, მსოფლიო და საქართველო უსაფრთხოების განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას. 

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ მთავრობამ ევროპის ქვეყნებში სამუშაო ვიზიტებზე წერილობითი უარი უთხრა და მათ დასაგეგმად პირადი კონტაქტები გამოიყენა. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, თუ ზურაბიშვილმა ვიზიტებზე სიმართლე თქვა, კონსტიტუცია დაარღვია და, მისივე სიტყვებით, პარტია საკითხში "გაერკვეოდა". 

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისა და ქართული ოცნების წევრების მიერ მისი გაკრიტიკების შემდეგ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ არ ჰგონია, საქმე მის იმპიჩმენტამდე მივიდეს. 

კომენტარები