უკრაინაში ქალაქ როვნოსთან სატელევიზიო ანძაზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 9 კი დაშავდა. ინფორმაციას როვნოს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კოვალი ავრცელებს.
"დღეს დილით როვენთან ორი რაკეტა მოხვდა სატელევიზიო ანძას და მის გვერდით ადმინისტრაციულ შენობას. 18:00 მონაცემებით დაღუპულია 9 ადამიანი დაშავებულია 9 ადამიანი. სამუშაოები აქტიურად გრძელდება" - თქვა კოვალმა.
სატელევიზიო ანძის განადგურების გამო, ოლქში არ მუშაობდა ტელე- და რადიო მაუწყებლობა. კოვალის თქმით, ოლქის ჩრდილოეთ რაიონში მაუწყებლობა საკაბელო ქსელით აღდგან, ადგილობრივი მაუწყებლებმაც მოახერხეს რადიოეთერში გასვლა.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





