გერმანია

Reuters: გერმანია აშშ-სგან 35 F-35-ის ტიპის ავიაგამანდგურებლის შეძენას აპირებს

F-35

Reuters-ის ინფორმაციით, გერმანია აშშ-სგან აპირებს F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის შეძენას, რათა გამოცვალონ ამჟამინდელი Tornado-ს ტიპის თვითმფრინავები. მედია გერმანიის მთავრობის ორ ანონიმურ წარმომადგენელს ეყრდნობა. ერთ-ერთი წყაროს თქმით, გერმანია 35 ერთეული F-35-ის შეძენას გეგმავს. 

ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში გერმანიის თავდაცვიდან ანონიმური წყარო საუბრობდა F-35-ების შეძენის შესაძლებლობაზე, თუმცა აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ იყო.

Tornado არის გერმანიის ერთადერთი რეაქტიული თვითმფრინავი, რომელსაც გერმანიაში განლაგებული ამერიკული ატომური ბომბების გადატანა შეუძლია. Tornado გერმანიის საჰაერო ძალების განკარგულებაში 1980-იანი წლებიდან არის და მისი ჩანაცვლება 2025-2030 წლების შუალედში იგეგმებოდა. 

გერმანიის მიერ ამერიკული კომპანია ლოქჰიდ მარტინის F-35-ების შეძენა იქნება დარტყმა კომპანია ბოინგისთვის, რომლის F-18-ების შეძენას გერმანიის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ანაგრეტ კრამპ-კარენბაუერი Tornado-ს ტიპის თვითმფრინავების ჩასანაცვლებლად განიხილავდა. 

ამას გარდა, როგორც გამოცემა Reuters-ი აღნიშნავს, F-35-ების შეძენამ, შესაძლოა, გამოიწვიოს საფრანგეთის უკმაყოფილებაც, რადგან პარიზი და ბერლინი მუშაობენ ახალი ავიაგამანადგურებლის ერთობლივ პროექტზე, რომლის დასრულებაც 2040-იანი წლებისთვის განიხილება. 

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ორი კვირის წინ მხარი დაუჭირა ფრანგულ-გერმანული ავიაგამანადგურებლის პროექტზე მუშაობის გაგრძელებას.

კომენტარები