რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სალივანი: თუ რუსეთი თავს დაესხმება, ცეცხლს გაუხსნის, ესვრის NATO-ს, ალიანსი უპასუხებს

უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თქმით, თუ რუსეთი NATO-ს ტერიტორიას თავს დაესხმება, ალიანსი მას პასუხს გასცემს. საკითხზე სალივანმა CBS News-სთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.

"პრეზიდენტმა რამდენჯერმე ცხადად თქვა, რომ აშშ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად იმუშავებს, რათა დაიცვას NATO-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი. თუ მოხდება სამხედრო თავდასხმა NATO-ს ტერიტორიაზე, ეს გამოიწვევს მეხუთე მუხლის ამოქმედებას და NATO-ს ალიანსის სრული ძალებით პასუხს.

CBS News-ის ჟურნალისტის მარგარეტ ბრენანი სალივანს ჩაეკითხა, რა მოხდებოდა თუ NATO-ს ტერიტორიაზე თავდასხმა "შემთხვევითი გასროლა" იქნებოდა.

"თუ რუსეთი თავს დაესხმება, ცეცხლს გაუხსნის, ესვრის NATO-ს ტერიტორიას, NATO-ს ალიანსი პასუხს გასცემს. სულ ამას ვიტყვი." - თქვა სალივანმა.

დღეს, 13 მარტს საავიაციო თავდასხმა მოხდა ლვოვის სამხედრო ბაზაზე. ბაზა NATO-ს წევრი პოლონეთის საზღვრიდან 25 კილომეტრით არის დაშორებული.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები