უკრაინის ქალაქ მარიუპოლში რუსეთის სამხედრო ძალებმა უკვე დაახლოებით 100 ავიაბომბი ჩამოაგდეს, დაიღუპა ქალაქის 2 187 მცხოვრები. ინფორმაციას ქალაქის საბჭო ავრცელებს.
"ყოველდღიურად მარიუპოლი ავიათავდასხმების სამიზნეა. 24 საათში მოხდა მშვიდობიანი ქალაქის 22-მდე დაბომბვა. მარიუპოლში უკვე ჩამოგდებულია 100 ავიაბომბი." - ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.
ქალაქის საბჭოში აღნიშნავენ, რომ საოკუპაციო ძალები გამიზნულად ესხმიან თავს საცხოვრებელ სახლებს, თავშეყრის ადგილებს, საავადმყოფოებს და ანადგურებენ ქალაქის ინფრასტრუქტურას.
"მარიუპოლის 400 000 მცხოვრებისთვის ყველაზე დიდი საფრთხე ციდანაა, ქალაქი ახლა ჩაკეტილია. ამიტომ NATO-ს მხრიდან უკრაინის ცის ჩაკეტვა ან აუცილებელი საჰაერო თავდაცვის სისტემებით უზრუნველყოფა ეს ის გადაწყვეტილებაა, რომელსაც შეუძლია ასობით ათასი უდანაშაულო სიცოცხლის გადარჩენა მთელ უკრაინაში" - აცხადებს მარიუპოლის ქალაქის საბჭო.
ქალაქის საბჭოს ცნობით, მარიუპოლში საკვები პროდუქტების და წყლის მარაგი იწურება. ქალაქს ასევე არ მიწოდება ელექტროენერგია, არ არის გათბობა, თითქმის არ მუშაობს მობილური კავშირი.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





