რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთში სანქცირებული რუსების სახლებში, შესაძლოა, უკრაინელი ლტოლვილები დაასახლონ

Neil Hall / EPA-EFE / Shutterstock

დიდ ბრიტანეთში სანქცირებული რუსი ოლიგარქების სახლებში, შესაძლოა, უკრაინელი ლტოლვილები დაასახლონ. ამის შესახებ BBC-სთან ინტერვიუში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივანმა სოციალურ საკითხებში და მთავრობათაშორისი ურთიერთობების მინისტრმა, მაიკლ გოვმა ისაუბრა.

"მსურს, გამოვიკვლიო საკითხი, რომელიც საშუალებას მოგვცემს გამოვიყენოთ სანქცირებული პირების სახლები და ქონება ჰუმანიტარული და სხვა მიზნებისთვის მანამ, სანამ ისინი სანქციების ქვეშ არიან. [...] საკმაოდ დიდი სამართლებრივი ბარიერია გადასალახი. ჩვენ არ ვსაუბრობთ მუდმივ კონფისკაციაზე, თუმცა, თუ სანქცირებული ხართ და მხარს უჭერთ პუტინის, ეს სახლი აქ არის, თქვენ არ გაქვთ მისი გამოყენების უფლება. თუ ჩვენ შეგვიძლია მათი გამოყენება სხვების დასახმარებლად, მოდი, გავაკეთოთ ეს". – თქვა გოვმა.

მისივე თქმით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობას სურს გაამკაცროს არსებული ზომები, რომლებიც ხელს უშლის ოლიგარქებს მათი სახლების გაყიდვაში, თუმცა არა ცხოვრებაში.

10 მარტს დიდმა ბრიტანეთმა რუს მაღალჩინოსნებს და ოლიგარქებს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი, სერგეი ნარიშკინი და ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი.

15 მარტიდან უკრაინის მოქალაქეებს დიდი ბრიტანეთის ვიზის მიღება სრულად ელექტრონულად შეეძლებათ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები