რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი ნიკოლაევის ონკოლოგიურ საავადმყოფოს გაუხსნეს

12 მარტს ღამით რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი ნიკოლაევის ონკოლოგიურ საავადმყოფოს გაუხსნეს. ინფორმაცია რეგიონალური ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მაქსიმ ბეზნოსენკომ გაავრცელა. 

ბეზნოსენკოს ინფორმაციით, ონკოლოგიური საავადმყოფოს ეზოში სასწრაფო დახმარების მანქანები დაზიანდა. ტყვიები პალატებსა და ექიმების კაბინეტებს მოხვდა.  

"სუსტებზე თავდასხმა მხოლოდ გიჟს შეუძლია. არაადამიანებმა ონკოლოგიურ საავადმყოფოს გაუხსენს ცეცხლი, საავადმყოფოს, რომელიც ეხმარება ონკოლოგიურ პაციენტებს მთელი ნიკოლაევის რეგიონიდან.   

[...] თუ რუსეთი ონკოლოგიურ პაციენტებში საკუთარ მოწინააღმდეგეს და საფრთხეს ხედავს, ის მხოლოდ ავად არ არის, ის უკვე აგონიაშია. ეს ერთადერთია, რამაც შეიძლება გაგვახაროს ამ ვითარებაში. ამას [ცეცხლის გახსნას] დიდი ზიანი არ მოუტანია, ჩვენ ვმუშაობთ ამაზე". - დაწერა მან. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. რუსეთის ბაზარს ტოვებს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანია.

კომენტარები