რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი უკრაინისთვის Starstreak-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემას განიხილავს

Starstreak-ის სისტემა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლასის თქმით, განიხილავენ უკრაინისთვის Starstreak-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის უსასყიდლოდ გადაცემას. 

"უკრაინის თხოვნის პასუხად მთავრობამ გადაწყვიტა დაიწყონ Starstreak-ის მაღალი სიჩქარის ადამიანის მიერ გადატანადი ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების დონაციის განხილვა. გვჯერა, რომ [Starstreak-ის] სისტემა დარჩება თავდაცვითი იარაღის განმარტებაში, მაგრამ ის უკრაინულ ძალებს ცის დაცვის უკეთეს შესაძლებლობას მისცემს". – თქვა უოლასმა. 

Starstreak-ის რაკეტებს შეუძლიათ ბგერის სიჩქარეზე სამჯერ სწრაფად ფრენა, როგორც ამას ბრიტანეთის არმიაში ამბობენ. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც დანადგარის მხარზე შემოდებითა და დამიზნებით, ისე სატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებით. 

უოლასის თქმით, უკრაინას 3 615 NLAW-ს ტანკსაწინააღმდეგო დანადგარი მიაწოდეს და მალე ჯაველინების ახალ პარტიასაც მიაწვდიან.

Starstreak-ის სისტემის გამოყენება შეიძლება ვერტმფრენების, დაბალ სიმაღლეზე მფრენი ავიაგამანადგურებლებისა და უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ, რომლებიც დაახლოებით 6 კილომეტრის სიმაღლეზე დაფრინავენ. 

ბრიტანეთის არმია ამ სისტემას 1997 წლიდან იყენებს. თავდაპირველად ის ტრანსპორტიორებზე მაგრდებოდა, ბოლო დროში კი ქვეითების მიერაც გამოიყენება. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები