რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Fitch-მა რუსეთის საკრედიტო მაჩვენებელი C დონეზე შეაფასა, ქვეყანაში დეფოლტი გარდაუვალია

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა რუსეთის საკრედიტო მაჩვენებელი C დონეზე შეაფასა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანაში დეფოლტი გარდაუვალია. ფინანსური დეფოლტი აღებული ვალების ვერ ან არდაბრუნებას ნიშნავს.

Fitch-მა რუსეთის საკრედიტო სტატუსი ამ თვეში უკვე მეორედ შეცვალა. მანამდე კი კომპანიამ რუსეთს საინვესტიციო სტატუსიც ჩამოართვა.

Fitch-მა რუსეთის საკრედიტო მაჩვენებლის ცვლილების გადაწყვეტილება, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთისგან დადებული სანქციების გავლენით მიიღო. მიმდინარე კვირაში ოფიციალურმა მოსკოვმა თავადაც აღიარა, რომ სანქციები ქვეყნის მიერ ვალების გადახდაზე გავლენას მოახდენს.


რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და საპასუხო სანქციების ფონზე, კომპანიათა დიდი ნაწილი ტოვებს რუსეთის ბაზარს. ამასთანავე, სხვა კომპანიებისადმი იზრდება მოწოდებები, რომ შეურთდნენ რუსეთის ბაზრისადმი ბოიკოტს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები