რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უოლასი: უკრაინაში რუსი ჯარისკაცები მასობრივად იხოცებიან

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლასის თქმით, პუტინის უკრაინაში შეჭრიდან 13 დღის შემდეგ რუსეთის ჯარს დიდი სამხედრო დანაკლისი აქვს.

"ახლა თქვენ ხედავთ, რომ რუსი ჯარისკაცები მასიურად იხოცებიან. საინტერესოა ერთმანეთთან აღიარებენ თუ არა კრემლში, უკრაინაში აგრესიული და უკანონო შეჭრის წარუმატებლობას". - აღნიშნა უოლასმა. 

თავდაცვმის მინისტრმა ასევე ისაუბრა სამოქალაქო პირებისა და თავად რუსი ჯარისკაცების ხოცვაში პუტინის ბრალეულობაზე.

"პუტინმა ამოწურა თავისი არმია, ის არის პასუხისმგებელი ათასობით რუსი ჯარისკაცის დახოცვაზე, პასუხისმგებელია უდანაშაულო ადამიანებზე, მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე. რუსეთის ეკონომიკას ნულამდე შეამცირებს, რადგან საერთაშორისო საზოგადოებამ შეთანხმდა, რომ პუტინის მოქმედებები აბსოლუტურად მიუღებელია". - თქვა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები