რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: NATO-ს მიმართ გულგრილობა გაგვიჩნდა, რუსეთთან დაპირისპირების ეშინიათ

ამერიკული მედია ABC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ინტერესი NATO-ს მიმართ შეუმცირდათ, რადგან ალიანსი მზად არაა უკრაინის მისაღებად და რუსეთთან დაპირისპირების ეშინია.

"რაც შეეხება NATO-ს, ამ საკითხის მიმართ გულგრილობა დიდი ხნის წინ გაგვიჩნდა, მას შემდეგ, რაც მივხვდით, რომ NATO არაა მზად უკრაინა ალიანსში მიიღოს, ეშინია საკამათო საკითხების, რუსეთთან დაპირისპირების. არასდროს მინდოდა ვყოფილიყავით ქვეყანა, რომელიც რამეს დაჩოქილი ითხოვდა და არ ვაპირებთ ესეთი ქვეყანა ვიყოთ, არ მინდა ესეთი პრეზიდენტი ვიყო", – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები